საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან აღინიშნება.
ყოველწლიურად ეს დღე გარკვეულ თემას ეძღვნება, რომელშიც ეპიდემიის რომელიმე ასპექტია ხაზგასმული. 2005-2006 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო კამპანიის დევიზია: “შევაჩეროთ შიდსი! შევასრულოთ დაპირება!”.
შიდსის მსოფლიო კამპანია მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსზე გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის დეკლარაციის ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ,
აივ/შიდსის ეპიდემიის:
- პროფილაქტიკა;
- კონტროლი;
- ვაქცინის შემუშავება;
- სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
აივ/შიდსით დაავადებულთა:
- მკურნალობა;
- მოვლა;
- სოციალური დახმარება;
- უფლებების დაცვა;
- დასაქმება;
- ინფორმირება.
დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის მიმართულებით, საჭიროა რესურსების მოპოვება პაციენტების მკურნალობისა და მოვლის უზრუნველსაყოფად, სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, აივ ინფიცირებულ ადამიანთა მხარდაჭერა.
მიუხედავად მთავრობის, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმების აქტიური მუშაობისა, შიდსი უდიდეს ზიანს აყენებს მსოფლიო მოსახლეობას. აივ ინფექცია/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო პრობლემად.
UNAIDS-ის (გაეროს შიდსის პროგრამა) მონაცემებით მსოფლიოში:
- 40 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებულია შიდსის ვირუსით;
- ყოველდღიურად ინფიცირდება დაახლოებით 5 000 ახალგაზრდა;
- ყოველ წუთში შიდსით იღუპება 5 ადამიანი;
- დღეისათვის შიდსის მიზეზით 15 მილიონმა ბავშვმა დაკარგა მშობელი;
- საქართველოში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 1117 შემთხვევა, თუმცა ექსპერტთა პროგნოზით ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 3000-ს აღემატება.
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ეს არის მსოფლიო საზოგადოების გაერთიანების დღე შიდსის გლობალური ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველა მოქალაქე, ცნობილი ადამიანები, ბიზნესისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, მთლიანად საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და საერთო წვლილი შეიტანოს შიდსის ეპიდემიის შეჩერებაში.