Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   
Prevention Prevention

პროფილაქტიკა

 

აივ ინფექციის პროფილაქტიკა (დეზინფექცია, სტერილიზაცია)

შიდსი საყოველთაო პრობლემაა, იგი ყველას ემუქრება. სადღეისოდ შიდსის სამკურნალო ვაქცინა ან სხვა რადიკალური საშუალება არ არსებობს, ამიტომ მასთან ბრძოლის ერთადერთი რეალური გზა შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკაა.

 

აივ ინფექცია/შიდსი, ისევე როგორც სისხლით გადამდები სხვა ინფექციური დაავადებები (B და C ვირუსულ ჰეპატიტები და სხვ.), შეიძლება გადაეცეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში როგორც პაციენტიდან პაციენტს, ასევე პაციენტიდან ექიმს და იშვიათად, ექიმიდან პაციენტს. ამ ინფექციების გადაცემის რისკი სამედიცინო ქსელში დამოკიდებულია ჯანდაცვის მუშაკების ჩვევებზე, დაავადების პრევალენტობაზე, ექსპოზიციის სახეზე, რაოდენობასა და სიხშირეზე.

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის აივ ინფიცირების შესაძლო გზებია:

უკვე გამოყენებული, ინფიცირებული ერთჯერადი ან/და მრავალჯერადი მოხმარების სამედიცინო ინსტრუმენტების ხელმეორედ გამოყენება სტერილიზაცია-დეზინფექციის გარეშე;

არასწორად დეზინფიცირებული ან სტერილიზებული ინფიცირებული სამედიცინო იარაღების გამოყენება;

ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმა;

ინფიცირებული პაციენტის კანის, რომელიმე ორგანოს ან სპერმის ტრანსპლანტაცია;

ინფიცირებული მედიცინის პერსონალის სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების პაციენტის ლორწოვანზე მოხვედრა.

სამედიცინო დაწესებულებებში მედპერსონალსა და პაციენტებს შორის ჩვეულებრივი სოციალური (საუბარი, დაცემინება, დახველება, კოცნა და ა.შ.) და საყოფაცხოვრებო (გამოყენებული ჭურჭელი, თეთრეული, საერთო აბაზანა, ტუალეტი და ა.შ.) კონტაქტები აივ ინფექცის ან სისხლით გადამდები სხვა ინფექციების გადაცემის მხრივ საშიში არ არის.

პაციენტიდან სამედიცინო პერსონალის აივ ინფიცირების რისკი ერთჯერადი კანქვეშა ექსპოზიციის დროს საკმაოდ დაბალია (0,03%) და უმთავრესად ეს ასოცირებულია ნემსის ჩხვლეტასთან.

 

გ ა ხ ს ო ვ დ ე თ !

ნემსზე თავსახურის ჩამოცმის დროს ჩხვლეტის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია ამ პროცედურის ჩატარება ცალი ხელით. თავსახური უნდა დაიდოს მყარ ზედაპირზე, ნემსი მოთავსდეს თავსახურში ცალი ხელით და როდესაც თავსახური მთლიანად დაფარავს ნემსს, მეორე ხელით მჭიდროდ მოერგოს.

ჩხვლეტისას ინფიცირების რისკი ძირითადად დამოკიდებულია მასპინძლის იმუნურ სტატუსზე და ორგანიზმში მოხვედრილი ინფექციური აგენტის კონცენტრაციაზე. აივ-ის კონცენტრაცია სისხლში მაღალია მწვავე რეტროვირუსული სინდრომის დროს ანუ სეროკონვერსიამდე და აივ ინფექციის შორსწასული სტადიების პერიოდში.

პაციენტის ინფიცირება აივ ინფექციით შესაძლებელია

კონტამინირებული ინსტრუმენტების ხელმეორედ გამოყენებით;

ინფიცირებული სისხლის ან სისხლის კომპონენტების გადასხმით;

კანის ან ორგანოთა გადანერგვით;

ინფიცირებული სპერმით;

აივ ინფიცირებული მედიცინის პერსონალის სისხლის, ან სხვა ბიოლოგიური სითხეების ლორწოვანზე მოხვედრით.

მედიცინის მუშაკის დაინფიცირება შესაძლებელია

ინფიცირებული ნემსის ან რაიმე სხვა მჭრელი ინსტუმენტებით კანის დაზიანებისას;

აივ ინფიცირებულის სისხლით ან სხვა ბიოლოგიური სითხეებით კანის ნახეთქების ან/და ღია ჭრილობების დაბინძურებით;

ინფიცირებული სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების (როგორიცაა ვაგინალური და ცერვიკალური სეკრეტი, ჭრილობის ექსუდატი, თავზურგტვინის, პლევრის, სინოვიალური და სხვ.) მოხვედრით მედიცინის მუშაკის პირის ღრუს ლორწოვანსა და/ან თვალებში.

მართალია, სისხლის გარდა სხვა ბიოლოგიური სითხეებით აივ ინფიცირების შემთხვევები რეგისტრირებული არ არის, მაგრამ ისინი უნდა განიხილებოდნენ როგორც პოტენციური ინფიცირების წყარო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ მიღებულია რეკომენდაციები ჯანდაცვის მუშაკებში სისხლით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მატერიალური სახსრების უქონლობის გამო, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, რეკომენდებულია მათ შორის ძირითადი პრინციპების შესრულება, როგორიცაა “უნივერსალური უსაფრთხოება”.

 

”უნივერსალური უსაფრთხოება”

იგულისხმება სტანდარტები, რომლებიც უნდა გამოიყენებოდეს ყოველ პაციენტზე, ყველა შემთხვევაში, რათა შემცირდეს სისხლით გადამდები დაავადებებით ინფიცირების რისკი

მჭრელი საგნების უსაფრთხოდ განლაგება, რომ არ მოხდეს კანის დაზიანება;

საპნით და წყლით ხელის დაბანა პროცედურის დაწყებამდე და დამთავრებისას;

წინსაფრების, დამცავი ნიღბებისა და ხელთათმანების აუცილებელი გამოყენება;

სამედიცინო ინსტრუმენტების და სხვა კონტამინირებული ხელსაწყოების სწორი დეზინფექცია და სტერილიზაცია;

დაბინძურებული თეთრეულის სწორი დეზინფიცირება.

 

გ ა ხ ს ო ვ დ ე თ !

მჭრელი საგნებით მანიპულაციის დროს ყოველთვის გაიკეთეთ ხელთათმანი;

არასოდეს გადაყაროთ გამოყენებული მჭრელი საგნები საერთო ნაგავში.

სამედიცინო პერსონალმა ღია დაზიანებები ხელებსა და იდაყვებზე აუცილებლად უნდა დაიფაროს წყალშეუღწევადი ნახვევით და ჩაიცვას ხელთათმანები სისხლთან და ორგანიზმის სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან უეჭველი ან მოსალოდნელი უშუალო კონტაქტის წინ, როგორიცაა ინექციები, ჩხვლეტასთან დაკავშირებული სხვა მანიპულაციები, სისხლის აღება და შეგროვება, ლაბორატორიულ სინჯარებთან მუშაობა და სხვა.

თუ პროცედურების შესრულებისას მოსალოდნელია სისხლის ან ორგანიზმის სხვა ბიოლოგიურ სითხეების წვეთების, სუსპენზიის, ნაკადის წარმოქმნა და შეშხეფება, საჭიროა მუშაობა ხელთათმანებით და ხალათით ან წინსაფარით. თვალები, ცხვირი და პირი დაფარული უნდა იყოს ნიღბით და დამცავი სათვალით.

პროფილაქტიკის მთავარი მომენტია, რომ ყველა პაციენტი უნდა განიხილებოდეს როგორც პოტენციურად ინფიცირებული.

ყველა ექიმს უნდა ახსოვდეს, რომ თუ პაციენტს აღენიშნება შიდსზე საეჭვო სიმპტომატიკა, ან თუ იგი რომელიმე რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, საჭიროებს აივ ანტისხეულებზე გამოკვლევას. ამ გამოკვლევით ექიმი თავიდან აიცილებს არა მარტო დიაგნოსტიკურ შეცდომას და უშედეგო მკურნალობის მცდელობებს, არამედ ააცილებს პაციენტთან კონტაქტში მყოფ პირებს ინფიცირების საშიშროებას.

 

სამედიცინო ინსტრუმენტების დეზინფექცია-სტერილიზაციის საკითხები

საგანი, მოწყობილობა ან ხსნარი განიხილება სტერილურად მაშინ, როდესაც იგი მთლიანად თავისუფალია ცოცხალი მიკროორგანიზმებისაგან.

აივ-ი ადვილად ინაქტივირდება გარემოში. მშრალ პირობებში ვირუსი რამდენიმე საათში იღუპება, თუმცა შესაძლოა 1-3 დღე გაძლოს. ქსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღე ძლებს, ხოლო 37C-ზე – 11 დღე. 56-60C–ზე ვირუსი 30 წთ-ში იღუპება. შიდსის ვირუსი ადვილად ექვემდებარება დეზინფექციას და სტერილიზაციას.

 

დეზინფექციის მეთოდები

დეზინფექცია უხშირეს შემთხვევაში ახდენს აივ-ის ინაქტივაციას. ყველაზე ხშირად გამოიყენება 4 სახის დეზინფექციის მეთოდი:

დუღილით;

ორთქლით;

ცხელი ჰაერით;

ქიმიური;

დუღილით – ინსტრუმენტები უნდა იყოს გაწმენდილი და უნდა იდუღოს 30 წუთი.

ორთქლით – ავტოკლავში 1,5 ან 2 ატმ. წნევის პირობებში. ტემპერატურა 110C. ექსპოზიცია 20 წთ; ორთქლით დეზინფექციას ექვემდებარება მინის, მეტალის, რეზინის, ლატექსის, თერმოგამძლე პოლიმერული ნაკეთობები;

ცხელი ჰაერით საშრობ კარადაში – 120C, ექსპოზიცია 45 წთ; დეზინფექციას ექვემდებარება მინის და მეტალის ნაკეთობები;

ქიმიური

სამმაგი ხსნარით ( 0,3% ფენოლის, 2%-იანი ფორმალინის და ორნახშირმჟავა სოდის ხსნარით) ექსპოზიცია 45 წთ;

ქლორამინის 6%-იანი ხსნარი (ექსპოზიცია 6 სთ).

700 ეთილის ან იზოპროპილის სპირტი (ექსპოზიცია 6 სთ).

ქიმიურ დეზინფექციას ექვემდებარება მინის და კოროზიაგამძლე მეტალის ნაკეთობები.

ქიმიური დეზინფექცია არ არის ისეთი სანდო, როგორც დუღილით დეზინფექცია ან სტერილიზაცია. მიუხედავად ამისა, ქიმიური დეზინფექცია შეიძლება გამოყენებული იქნას მაღალი მგრძნობელობის ინსტრუმენტებისათვის ან მაშინ, როდესაც დეკონტამინაციის სხვა მეთოდი არ არის ხელმისაწვდომი. ქიმიური დეზინფექციის დროს ხელსაწყოები უნდა დაიშალოს ბოლომდე, საგულდაგულოდ გაიწმინდოს და გაირეცხოს ქიმიური დეზინფექციის შემდეგ 10 წთ. გამდინარე წყლით და შემდეგ 15 წთ-ის განმავლობაში მოთავსდეს გამოხდილ (დისტილირებულ) წყალში.

 

სტერილიზაცია

აივ-ს შლის ყველა სახის სტერილიზაცია. სტერილიზაციის წინ აუცილებელია ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დამუშავება.

წინასასტერილიზაციო დამუშავება

წინასასტერილიზაციო დამუშავებას ექვემდებარება ყველა განმეორებით გამოსაყენებელი სამედიცინო ნაკეთობა, რათა მოცილებულ იქნას ცილოვანი, ცხიმოვანი, მექანიკური დაბინძურება და ა.შ. ყველა იარაღი უნდა დამუშავდეს დაშლილ მდგომარეობაში. დამუშავება უნდა მოხდეს ხელით ან მექანიზირებული მოწყობილობის საშუალებით, რომლის დროსაც გამოყენებული უნდა იქნეს სხვადასხვა სარეცხი საშუალებები.

სტერილიზაციის მეთოდები

სტერილიზაციას ექვემდებარება ყველა ინსტრუმენტი, რომელიც კონტაქტშია კანის ზედაპირთან, ჭრილობასთან, ლორწოვან გარსთან, სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან.

ჯანდაცვის სისტემაში დაშვებულია სტერილიზაციის სამი მეთოდი:

მშრალი, გაჯერებული ორთქლით;

მშრალი, ცხელი ჰაერით;

ქიმიური ანუ ცივი სტერილიზაცია.

ყველაზე გავრცელებული და მიღებული სტერილიზაციაა მშრალი, გაჯერებული ორთქლით, რადგან ორთქლის თბოტევადობა თითქმის 6-ჯერ აღემატება მდუღარე წყლის თბოტევადობას. ავტოკლავში შეიძლება გასტერილდეს მინის, ლითონის, პლასტმასის ნაწარმი, რეზინის ნაკეთობანი.

დაშვებულია სტერილიზაციის 2 რეჟიმი:

წნევა კამერაში უდრის 2 ატმ. ტემპერატურა: 132-135C სტერილიზაციის დრო შეადგენს 20 წთ-ს. რეჟიმი განკუთვნილია მინის, ლითონის ნაკეთობებისა და ქსოვილებისათვის.

წნევა კამერაში უდრის 1,1 ატმ. ტემპერატურა: 120C სტერილიზაციის დრო შეადგენს 45 წთ-ს. რეჟიმი განკუთვნილია პოლიმერული და რეზინის ნაკეთობებისთვის.

მშრალი, ცხელი ჰაერით სტერილიზაციას აწარმოებენ სპეციალურ კარადებში მაღალი ტემპერატურის გამოყენებით. კარადებში შეიძლება გავასტერილოთ მხოლოდ მინისა და ლითონის ნაკეთობა.

დაშვებულია სტერილიზაციის 2 რეჟიმი:

ტემპერატურა: 180C. სტერილიზაციის დრო შეადგენს 1 სთ-ს.

ტემპერატურა: 160C. სტერილიზაციის დრო შეადგენს 2,5 სთ-ს.

ქიმიური ანუ ცივი სტერილიზაცია. ქიმიური ანუ ცივი სტერილიზაცია რეკომენდირებულია ლითონის (კოროზია მდგრადი), პლასტმასის, რეზინის და მინის ნაკეთობებისათვის. სტერილიზაციისთვის გამოიყენება 6%-იანი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგიანი ან “დეზოქსონ-1” 1%-იანი ხსნარი. ხსნარის ტემპერატურა შეიძლება იყოს ოთახის ან 50C ფარგლებში. თუ მისი ტემპერატურა 20C ფარგლებშია, მაშინ სტერილიზაციის დრო შეადგენს 6 სთ-ს. თუ ტემპერატურა 50C ფარგლებშია, მაშინ სტერილიზაციის დრო – 3 სთ-ს. ამ ხსნარის შენახვა შეიძლება 7 დღე-ღამის განმავლობაში, თუ თავდაცულია და მოთავსებულია მაცივარში.

სტერილიზაციის შემდეგ აგენტის მოსაცილებლად საჭიროა ნაკეთობა კარგად გაირეცხოს სტერილური წყლით.

სამედიცინო ინსტრუმენტებს, რომლებიც შეხებაში არიან ორგანიზმის ლორწოვან გარსებთან, მაგრამ არ არღვევენ მის მთლიანობას, მაგ., ანესთეზიის დროს გამოყენებული სასუნთქი კონტურები, ლარინგოსკოპის პირი, დრეკადი ენდოსკოპები ბოჭკოვანი ოპტიკით, გინეკოლოგიური სარკეები და ა.შ. – აუცილებელია ჩაუტარდეთ სტერილიზაცია. თუ ეს შეუძლებელია – დეზინფექცია მაინც.

სისხლით ან ორგანიზმის სხვა ბიოლოგიური სითხეებით დასვრილი გარე ზედაპირების გაუვნებლობა ხდება 2-ჯერადი გაწმენდით სადეზინფექციო ხსნარებში დასველებული ჩვრით. სითხის გუბეებზე უნდა დაისხას სადეზინფექციო ხსნარი 10-15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაიწმინდოს.

 

ლაბორატორიული გადანაყრების უსაფრთხო განადგურება

გადანაყრები უნდა დანაწილდეს არაინფიცირებულ და კონტამინირებულ მასალებად.

სასურველია კონტამინირებული გადანაყრების ავტოკლავირება

მასალას დებენ ჰერმეტულ კონტეინერში და ავტოკლავირებას ახდენენ მინიმუმ 30 წთ. 132C, ამის შემდეგ ხდება ავტოკლავირებული მასალის კრემაცია.

ან კონტამინირებული მასალის ჩამარხვა

გადანაყრების ჩამარხვა – გადანაყრები უნდა იყოს ჩაყურსული ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარში არაუმცირეს 12 სთ, შემდეგ ჩაიყაროს ორმოში და ჩაიმარხოს.

მოცულობით დიდი გადანაყრები რეკომენდირებულია ჩაიმარხოს 10%-იან ნატრიუმის ჰიპოქლორიდთან ერთად.

 

თხიერი გადანაყრების განადგურება

ინფიცირებული სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების განადგურების მიზნით უნდა მოხდეს:

სისხლის ავტოკლავირება 132C 30 წუთით და შემდეგ მისი დაწვა;

თუ ნარჩენების ავტოკლავირება შეუძლებელია, მაშინ დეკონტამინირება უნდა მოხდეს მშრალი სიცხის კარადაში;

სისხლი უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, შეიფუთოს და მოხდეს მისი ჩამარხვა ან ჩაისხას სისხლი საკმაოდ ღრმა ორმოში ძლიერ დეზინფექტორთან ერთად (მაგ. ნატრიუმის ჰიპოქლორიდის 10% ხსნარი) და ჩაიმარხოს.

 

შენიშვნა:

ორმო უნდა იყოს არაუმცირეს 2,5 მეტრის სიღრმისა და დაშორებული წყალგაყვანილობისა და ბუნებრივი წყლებიდან სულ მცირე 10 მეტრით.

შიდსი საყოველთაო პრობლემაა, იგი ყველას ემუქრება. სადღეისოდ შიდსის სამკურნალო ვაქცინა ან სხვა რადიკალური საშუალება არ არსებობს, ამიტომ მასთან ბრძოლის ერთადერთი რეალური გზა შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკაა.

სადღეისოდ მსოფლიოში აივ ინფექციის პროფილაქტიკა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ბიოსამედიცინო და ქცევით სფეროში.

მეცნიერები აივ-ს უკვე ორ ათეულ წელზე მეტია რაც შეისწავლიან, მაგრამ ჯერჯერობით, ეფექტური ვაქცინის დამზადება ვერ მოხერხდა რიგი ობიექტური მიზეზის გამო (აივ-ის ადამიანის უჯრედში ინტეგრირების უნარი, მისი მაღალი მუტაგენურობა და სხვა). ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული ბიოსამედიცინო მიმართულებით და უახლოს მომავალში გვპირდებიან ვაქცინის შექმნას. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც დაპირებული ვაქცინა შეიქმნება, მის გამოცდას, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასებას კიდევ დასჭირდება გარკვეული დრო.

აივ ინფექციის პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ადამიანთა ქცევის წესის ცვლილება. უცხოეთის ქვეყნებში მუდმივად მიმდინარე პროპაგანდამ უსაფრთხო ქცევების შესახებ, ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვამ, თანასწორ-განმანათლებელთა მუშაობამ და სხვა პრევენციულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ამ ქვეყნებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ქვეყანაში აივ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით შექმნილი მდგომარეობა და 1994 წლიდან საქართველოში მოქმედებდა “შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის პროგრამა”. ამჟამად, ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები სრულდება “ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა აქტიური გამოვლენის და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის” პროგრამის “შიდსის პროფილაქტიკის” კომპონენტის ფარგლებში.

საქართველოში 1997 წელს შემუშავდა და ამჟამადაც ხორციელდება “სისხლისა და სისხლის პროდუქტების გადასხმით გადამდებ ინფექციებზე უსაფრთხოების პროგრამა”, რომელიც ითვალისწინებს დონორთა სისხლის უფასო გამოკვლევას აივ ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, სიფილისზე. მიგვაჩნია, რომ ეს პროგრამა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია. პროგრამის ამოქმედების შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა ჰემოტრანსფუზიის გზით გადამდები ინფექციების შემთხვევათა რიცხვი.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა