Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   
Prevention Prevention

პროფილაქტიკა

 

აივ ინფექციის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა (პკპ) წარმოადგენს ანტირეტროვირუსული პრეპარატების მოკლე კურსს, რომლის მიზანია აივ ინფექციის განვითარების რისკის შემცირება ექსპოზიციის შემდეგ (რომელსაც ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, სქესობრივი კონტაქტისას ან სხვა გარემოებებისას). სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალის დაცვითი ღონისძიებების უნივერსალურ ჩამონათვალში უნდა შედიოდეს პკპ.

იმ სამედიცინო დაწესებულებებში სადაც პაციენტების უმრავლესობა აივ ინფიცირებულია და რომლებიც საკმარისად არ მარაგდება დამცავი საშუალებებით არსებობს აივ ინფიცირების პროფესიული რისკი ნემსით ჩხვლეტისას ან სხვა მანიპულაციისას. პკპ-ს ჩატარებამ შეიძლება შეამციროს აივ ინფიცირების შემთხვევათა სიხშირე მედიცინის იმ მუშაკებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ ექსპოზიცია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. არსებობს ვარაუდი, რომ პკპ-ს მიღების შესაძლებლობა შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მიერ უარის თქმის შემთხვევებს აივ ინფიცირებულთა მომსახურებაზე და, ასევე, იმ სამედიცინო პერსონალის გათავისუფლებას, რომლებიც, ინფიცირების შიშის გამო მზად არიან შეიცვალონ სამუშაო.

პკპ უნდა ჩაუტარდეს აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ აივ ინფიცირების არაპროფესიული რისკი (მათ შორის ინფიცირებულის ნემსის შემთხვევით ან განზრახ ჩხვლეტისას, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლის მიერ დაბინძურებული შპრიცის შემთხვევითი გამოყენებისას და სქესობრივი ძალადობისას).

 

უსაფრთხოების უნივერსალური ზომები

სამედიცინო დაწესებულებებში პკპ უნდა იყოს იმ ღონისძიებების საერთო სისტემის ნაწილი, რომელიც იცავს პერსონალს სისხლის გზით გადამდები ინფექციებისაგან. ეს ღონისძიებები, პირველ რიგში გულისხმობს უსაფრთხოების უნივერსალური ზომების დაცვას.

უსაფრთხოების უნივერსალური ზომები ინფექციური კონტროლის ფარგლებში არსებული იმ ღონისძიებების კომპლექსია, რომლებიც მიმართულია პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის ინფექციის გადაცემის შემცირებისკენ სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემთხვევაში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სისხლის გზით გადამდები ინფექციების მქონე ყველა პაციენტის გამოვლენა შეუძლებელია, მედიცინის მუშაკების აივ-ისა და ჰეპატიტის ვირუსებისგან დაცვით ღონისძიებებს საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგი პრინციპი: თითოეული პაციენტი განხილულ უნდა იყოს, როგორც პოტენციურად ინფიცირებული.

უსაფრთხოების უნივერსალური ზომების დაცვა გულისხმობს, ყველა პაციენტის სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების განხილვას, როგორც პოტენციურად ინფიცირებულის და მათთან მუშაობისას შესაბამისი დაცვითი ზომების გამოყენებას.

ინფიცირების პროფესიული რისკი აქვთ მედიცინის მუშაკებს (სახელმწიფო და არასახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს, მათ შორის ლაბორატორიების, სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებს, სასწავლო სამედიცინო დაწესებულებების სტუდენტებს) და საზოგადოებრივი უშიშროების სამსახურების თანამშრომლებს (პოლიციელებს, გამოსასწორებელი დაწესებულებების თანამშრომლებს, მაშველთა ბრიგადის წევრებს, მოხალისეებს და ა.შ.), ვისაც საქმიანობის მიხედვით უხდებათ კონტაქტი ადამიანებთან ან სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან. სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის რისკი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას აქვთ სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც. ამიტომ უსაფრთხოების უნივერსალური ზომები და პკპ გათვალისწინებული უნდა იყოს არასამედიცინო პროფილის დაწესებულებების მუშაობაშიც.

აივ ინფიცირების რისკთან დაკავშირებული კონტაქტები: კანის დაზიანება (ნემსის ჩხვლეტა ან ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა); ბიოლოგიური სითხეების მოხვედრა ლორწოვან გარსებზე ან დაზიანებულ კანზე; ხანგრძლივი (რამდენიმე წუთი ან მეტი) ან დიდი ფართობის მქონე დაუზიანებელი კანის კონტაქტი სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხეებით დასვრილ ქსოვილებთან ან უშუალოდ სისხლსა და სხვა პოტენციურად ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან.

უსაფრთხოების უნივერსალური ზომები დაცული უნდა იყოს სისხლთან ან იმ ბიოლოგიურ სითხეებთან მუშაობისას, რომლებთანაც კონტაქტისას დაფიქსირდა აივ ინფიცირების შემთხვევები, მათ შორის:

სპერმასთან,

ვაგინალურ სეკრეტთან,

ნებისმიერ სითხეებთან სისხლის ხილული მინარევებით,

აივ-ის შემცველ კულტურებთან და ნიადაგებთან, აგრეთვე იმ სითხეებთან, რომელთა საშიშროების ხარისხი აივ-ის გადაცემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არის დადგენილი,

სინოვიალურ სითხესთან,

ცერებროსპინალურ სითხესთან,

პლევრალურ სითხესთან,

პერიტონეალურ სითხესთან,

პერიკარდიალურ სითხესთან,

ამნიონურ სითხესთან.

უსაფრთხოების უნივერსალური ზომების დაცვა არ არის საჭირო კონტაქტისას:

განავლის მასებთან,

ცხვირიდან გამონადენთან,

ნახველთან,

ოფლთან,

ცრემლთან,

პირნაღებ მასებთან,

ნერწყვთან (სტომატოლოგიური მანიპულაციების გარდა, როდესაც ნერწყვს ხშირად ერევა სისხლი).

უსაფრთხოების უნივერსალური ზომები დაცული უნდა იყოს ადამიანის ნებისმიერ ამოკვეთილ ქსოვილთან და ორგანოსთან (დაუზიანებელი კანის გარდა) მუშაობისას; სისხლის გზით გადამდები ინფექციების მქონე ექსპერიმენტული ცხოველების ქსოვილებთან და ორგანოებთან მუშაობის დროს: აგრეთვე ნებისმიერ ბიოლოგიურ სითხესთან მუშაობისას, თუ ვერ ხერხდება ამ სითხის განსაზღვრა.

უსაფრთხოების უნივერსალური ზომები უნდა სრულდებოდეს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, მედიცინის ყველა მუშაკის მიერ.

 

უსაფრთხოების უნივერსალური ზომების სახელმძღვანელო

სისხლის გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დასაცავად უნდა მოვერიდოთ:

დაბინძურებულ ნემსებთან და ბასრ იარაღებთან გაუფრთხილებელი მუშაობით გამოწვეულ ტრამვებს;

სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების მოხვედრას პირის, თვალის, ცხვირის ლორწოვან გარსებზე და დაზიანებულ კანზე (ჭრილობა, დერმატიტი, ფერისმჭამელები);

ბიოლოგიურ სითხეებთან და მათ მიერ დასვრილ ზედაპირებთან მუშაობისას თვალის, ცხვირის, პირის ლორწოვანი გარსების, დაზიანებული კანის შეხებას.

ინფიცირებისგან თავის დაცვის მიზნით გამოყენებული უნდა იყოს:

დამცავი მოწყობილობები ისეთი საგნების იზოლაციისთვის, რომლებიც სისხლით გადამდები ინფექციების წყაროს წარმოადგენენ, (მაგალითად, მაგარი ჰერმეტული კონტეინერები გამოყენებული ნემსებისათვის და ბასრი იარაღებისათვის მოსახერხებლად უნდა იყვნენ განლაგებული სამუშაო ადგილზე და დროულად, გადავსების გარეშე უნდა მოხდეს მათი შეცვლა; აგრეთვე უსაფრთხო, თვითდახურვადი ნემსები, ნემსების გარეშე სისტემები ინტრავენური ინფუზიებისათვის).

უსაფრთხო ტექნოლოგიები უმცირესი რისკით სხვადასხვა სახის მანიპულაციების შესასრულებლად (მათ შორის გამოყენებულ ნემსებთან ფრთხილი დამოკიდებულება, რაც გამორიცხავს ნემსის თავის ორი ხელით დახურვას, ნემსის გადაღუნვას და სხვა მანიპულაციებს ნემსებთან).

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათ შორის ხელთათმანები, წყალგაუმტარი ხალათები, სახისა და თვალის დამცავი საშუალებები (ნიღბები, სათვალეები, ეკრანები).

 

დამცავი მოწყობილობები და უსაფრთხო ტექნოლოგიები

დამცავი მოწყობილობები (მაგალითად, კონტეინერები ბასრი იარაღების უტილიზაციისთვის) ამცირებენ ინფიცირების რისკს იმ საგნების იზოლაციით ან სამუშაო ადგილიდან მოშორებით, რომლებიც ინფიცირების წყაროს სახით საშიშროებას წარმოადგენენ. ისინი პირველი რიგის დამცავ საშუალებებს მიეკუთვნებიან სამუშაო ადგილზე.

უსაფრთხო ტექნოლოგიები გვთავაზობენ სხვადასხვა მანიპულაციების შესრულების ისეთ მეთოდს, რომლის დროს ინფიცირების რისკი მინიმალურია.

თანამშრომლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამცავი მოწყობილობებით დამსაქმებელის მიერ, შესწავლილი უნდა ჰქონდეთ მუშაობის უსაფრთხო ტექნოლოგიები, რადგან გამოყენების პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ თვითონ მუშაკებს.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ სისხლის გზით გადამდები ინფექციებით ინფიცირება, მედიცინის მუშაკებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების შემდეგი ზომები:

სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების დაღვრისა და გაშხეფებისგან თავის დაცვა.

ხელების დაბანა ხელთათმანების ან სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხსნისთანავე (ან პირველივე შემთხვევაში).

კანზე სისხლის ან სხვა პოტენციურად ინფიცირებული ბიოლოგიური სითხეების ან სხვა მასალის მოხვედრისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ხელების და დასვრილი უბნების დაბანა წყლითა და საპნით, ხოლო ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას – მაშინვე წყლით ჩამობანა.

ხელების დაბანა უნდა ხდებოდეს გამდინარე წყლით. თუ გამდინარე წყალი არ არის, გამოყენებული უნდა იყოს ხელების დასაბანი ანტისეპტიკური ხსნარი ან ანტისეპტიკური ხელსახოცები, რომელთა ხმარების შემდეგ, პირველივე შემთხვევაში, უნდა მოხდეს ხელების დაბანა ჩვეულებრივი წესით.

არ უნდა მოხდეს გამოყენებული ნემსების უყურადღებოდ დადება და მათზე თავსახურების დახურვა უკიდურესი აუცილებლობის გარდა. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს იარაღები, რომლებიც გამორიცხავენ ნემსთან პირდაპირ კონტაქტს ან თავსახურის დახურვა მოხდეს ერთი ხელით.

მჭრელი და მჩხვლეტავი მრავალჯერადი ხმარების დაბინძურებული იარაღები მაშინვე (ან პირველივე შემთხვევაში) უნდა მოთავსდეს მყარ, წყალგაუმტარ (ძირი და კედლები), მარკირებულ ან განსაკუთრებული ფერით მონიშნულ კონტეინერებში შემდგომი დამუშავებისათვის.

ბასრი იარაღებისთვის გამოყენებული კონტეინერები განთავსდეს ისე, რომ მათი მოხმარება იყოს ადვილი.

მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღებისთვის გამოყენებული კონტეინერები უნდა გამოიცვალოს დროულად, რათა არ მოხდეს მათი გადავსება.

მჭრელი და მჩხვლეტავი იარაღებისთვის გამოყენებული კონტეინერების გადაადგილება უნდა მოხდეს მხოლოდ დახურულ მდგომარეობაში. თუ შესაძლებელია გაჟონვა, კონტეინერი უნდა მოთავსდეს სხვა კონტეინერში.

ბიოლოგიური სითხეების ნიმუშები მოთავსდეს შესაბამისი მარკირების მქონე ჰერმეტულ კონტეინერებში. თუ ნიმუშებიანი კონტეინერი დაბინძურებულია ან დაზიანებული, იგი უნდა მოთავსდეს მეორე კონტეინერში.

ტრანსპორტირების ან ტექნიკური მომსახურების წინ, უნდა მოხდეს სისხლით ან სხვა ბიოლოგიური სითხეებით დასვრილი მოწყობილობის დეზინფექცია. თუ დეზინფექცია შეუძლებელია, თანმხლებ ფურცელზე უნდა იყოს მინიშნებული დასვრილი ელემენტები.

ყველა გამოყენებული ერთჯერადი მასალა უნდა მოთავსდეს წყალგაუმტარ თავსახურიან კონტეინერებში.

დასვრილ თეთრეულთან შეხება უნდა იყოს მინიმალური, თეთრეული უნდა მოთავსდეს მარკირებულ ტომრებში ან კონტეინერებში; ტენიანი თეთრეულის გადაზიდვა უნდა მოხდეს წყალგაუმტარი ტომრებით ან კონტეინერებით.

იკრძალება:

საკვების მიღება, თამბაქოს მოწევა, მაკიაჟის გაკეთება, კონტაქტური ლინზების მოხსნა ან გაკეთება სამუშაო ადგილებში, სადაც შესაძლებელია სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი.

საკვების ან სასმელის შენახვა მაცივრებში ან სხვა ადგილებში, სადაც ინახება სისხლის ან სხვა ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების ნიმუშები.

სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების პირით ამოწოვა პიპეტში.

ხელით აღება მინის ნამსხვრევებისა, რომლებიც შესაძლოა დასვრილი იყოს ბიოლოგიური სითხეებით.

გამოყენებული ნემსების შპრიციდან მოძრობა, მოღუნვა ან გატეხვა, მათზე თავსახურის დახურვა და მსგავსი ქმედებები დასვრილ მჭრელ იარაღებთან, თუ ამის აუცილებლობა არ არის და სამედიცინო მანიპულაციები ამას არ მოითხოვს.

გამოყენებული მრავალჯერადი მჩხვლეტავი და მჭრელი იარაღებისთვის განკუთვნილი კონტეინერიდან რაიმე საგნის ხელით ამოღება, კონტეინერების ხელით გახსნა, დაცლა ან გარეცხვა.

 

დაცვის ინდივიდუალური საშუალებები

თუ დამცავი მოწყობილობები და უსაფრთხო ტექნოლოგიები არ გამორიცხავენ სამუშაო ადგილზე ინფიცირების რისკს, დამსაქმებელმა თანამშრომლები უნდა უზრუნველყოს დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, რომლებიც უნდა ინახებოდეს ხელმისაწვდომ ადგილას და იყოს უფასო:

ხელთათმანები (ალერგიის მქონე მედიცინის მუშაკები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ჰიპოალერგიული ხელთათმანებით). ძალზედ მნიშვნელოვანია ხელთათმანების ჩაცმა სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან ან მათ მიერ დასვრილ ზედაპირებთან მუშაობის დაწყების წინ.

ხალათები და სხვა დამცავი ტანსაცმელი. ხალათი აუცილებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც კონტაქტია ინფიცირებულ მასალასთან. ქირურგიული ქუდები, ბახილები ფეხსაცმლის ზემოდან ან სპეციალური ფეხსაცმელი აუცილებელია მხოლოდ დაბინძურების მაღალი რისკის შემთხვევაში.

ნიღბები, დამცავი სათვალეები და ეკრანი სახისთვის. თუ მანიპულაციების დროს შესაძლებელია სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების შეშხეფება, უნდა გაკეთდეს დამცავი ეკრანი, რომელიც სახეს ფარავს ნიკაპამდე, ან ნიღაბი დამცავ სათვალესთან ერთად, რომელსაც თან ახლავს გვერდითი ფარები. ჩვეულებრივი სათვალე კარგად ვერ იცავს სისხლის გზით გადამდები ინფექციებისაგან.

დაცვის ინდივიდუალური საშუალებები უნდა ფარავდნენ სამუშაო და ჩვეულებრივ ტანსაცმელს, კანის საფარველს, თვალების, პირის ღრუსა და სხვა ლორწოვან გარსებს სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისგან ამ საშუალებების გამოყენების მთელი დროის განმავლობაში.

თუ დამცავი ტანსაცმელი დაისვარა სისხლით ან სხვა პოტენციურად ინფიცირებული ბიოლოგიური სითხით, აუცილებლად, რაც შეიძლება მალე, უნდა მოხდეს მისი გახდა და დასვრილი კანის ნაწილების ჩამობანა წყლითა და საპნით. სამუშაოდან წასვლის წინ ინდივიდუალური დაცვის ყველა საშუალება უნდა მოიხსნას და მოთავსდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გასუფთავებაზე, გარეცხვაზე, შეკეთებაზე, შეცვლასა და უტილიზაციაზე პასუხს აგებს დამსაქმებელი.

 

რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული მუშაკებისთვის უსაფრთხოების უნივერსალური ზომების უზრუნველსაყოფად

 

სამედიცინო პერსონალის განათლება

სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებმა უნდა იცოდნენ ინფიცირების პროფესიული რისკის შესახებ და ყველა პაციენტთან მუშაობისას, დიაგნოზის მიუხედავად, დაიცვან უსაფრთხოების უნივერსალური ზომები. სამედიცინო დაწესებულებების მთელი პერსონალი (როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო) რეგულარულად უნდა გადიოდეს უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟს. მედიცინის მუშაკების სამსახურში მიღებისას უსაფრთხოების უნივერსალური ზომების სწავლება უნდა იყოს ინსტრუქტაჟის აუცილებელი ნაწილი.

ინვაზიური ჩარევების რიცხვის შემცირება

აუცილებელია გაუმართლებელი ინვაზიური ჩარევების რიცხვის შემცირება. მათ შორისაა: სისხლის გაუმართლებელი გადასხმა (თუ შესაძლებელია ინფუზიური ხსნარების გამოყენება), ინექციები (თუ შესაძლებელია პრეპარატების პერორალური მიღება), ნაკერების დადება (მაგალითად, ეპიზიოტომიებისგან თავის არიდების მიზნით) და ა.შ. მკურნალობის სტანდარტული სქემები, როცა ეს შესაძლებელია, ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პერორალური ფორმის პრეპარატებს. ინექციური ხსნარები აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული პირველადი აუცილებლობის პრეპარატების სახელმწიფო ჩამონათვალიდან, თუ ეს სამკურნალო პრეპარატები გამოდის პერორალური ფორმით.

აუცილებელია შეკვეთილი იყოს ინექციებისა და ინფუზიების შესასრულებელი თანამედროვე ერთჯერადი მოწყობილობები; აგრეთვე უნდა გაიზარ-დოს პერორალური მიღებისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების შეკვეთების რიცხვი.

 

აუცილებელი მოწყობილობებით უზრუნველყოფა

შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებშიც კი სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს აუცილებელი მოწყობილობებითა და მასალებით ინფექციური კონტროლის სტანდარტების შესაბამისად. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გამოიყენებოდეს ერთჯერადი შპრიცები და ინფუზიური სისტემები, დეზინფექტანტები და მჭრელი და მჩხვლეტავი სამედიცინო იარაღებისთვის განკუთვნილი კონტეინერები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფას დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით და წყალმომარაგებას (თუ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის წყალსადენი, აუცილებელია წყლის საკმარისი რაოდენობით მუდმივი მომარაგების ორგანიზება).

 

შინაგანაწესის ორგანიზება

აუცილებელია უარი ითქვას მრავალჯერადი მოხმარების შპრიცებისა და ინფუზიური სისტემების გამოყენებაზე, რადგანაც გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათი სწორი სტერილიზაციის უზრუნველყოფა სირთულეს წარმოადგენს. სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად უნდა შემუშავდეს სამედიცინო დაწესებულებების ნარჩენების უტილიზაციის გეგმა. კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედ ინსტრუქციებში აუცილებელია აისახოს აღჭურვილობის მოხმარების წესები, პერსონალის მიერ ინსტრუქტაჟის და ზედამხედველობის გავლის თანმიმდევრობა. სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ზედამხედველობა ხელს უწყობს პერსონალის მიერ უსაფრთხოების წესების დაცვასა და ინფიცირების პროფესიული რისკის შემცირებას. მედიცინის მუშაკები აივ ინფიცირებულ მასალასთან კონტაქტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ კონსულტირებით, ანტირეტროვირუსული პრო-ფილაქტიკით, შემდგომი მეთვალყურეობითა და სხვა სახის აუცილებელი დახმარებებით.

 

პოსტკონტაქტური პროფილაქტიკის ჩატარება

პკპ უნდა ტარდებოდეს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებშიც არსებობს აივ ინფიცირების პროფესიული რისკი. ამისთვის აუცილებელია ანტირეტროვირუსული პრეპარატების კომპლექტების მარაგი და სპეციალისტთან დაუყოვნებელი კონსულტაციის შესაძლებლობა.

აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლისა და პროფილაქტიკის რეგიონულმა ცენტრებმა სამედიცინო დაწესებულებებს უნდა აღმოუჩინონ კონსულტაციური დახმარება პკპ-ის საკითხებთან დაკავშირებით ; აგრეთვე ჩაატარონ პკპ ისეთი რისკ-კონტაქტების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებული არ არის სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებასთან (სქესობრივი კონტაქტები და სხვა).

 

პკპ პროფესიული კონტაქტის შემდეგ ინფიცირების რისკი

აივ ინფიცირებულ სისხლთან კანქვეშა კონტაქტის (ნემსის ჩხვლეტა, გაჭრა) შემდეგ ინფიცირების რისკი საშუალოდ შეადგენს 0,3%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი: 0,2-0,5%). დაუზიანებელ ლორწოვანზე აივ ინფიცირებული სისხლის მოხვედრისას ინფიცირების რისკი შეადგენს დაახლოებით 0.09%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი: 0.006-0.5%). დაუზიანებელი კანის კონტაქტისას ინფიცირებულ სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან აივ ინფიცირების რისკი არ არის დადგენილი. არსებობს ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ინფიცირების რისკს.

სამედიცინო დაწესებულებების რეგულარული შემოწმებები ხელს უწყობს პერსონალის მიერ უსაფრთხოების ტექნიკის დაცვას და ინფიცირების პროფესიული რისკის შემცირებას. აივ ინფიცირებულ მასალასთან კონტაქტის შემდეგ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონსულტაციით, ანტირეტროვირუსული პროფილაქტიკით, შემდგომი მეთვალყურეობითა და დახმარების სხვა ფორმებით. პოსტკონტაქტურ ანტირეტროვირუსულ პროფილაქტიკას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს აივ ინფექციის განვითარების რისკი.

 

ჩვენება პკპ-თვის

კანის დაზიანება ბასრი ინსტრუმენტით (ჩხვლეტა ნემსით, ჭრილობა მინის ნამსხვრევით), რომელიც დასვრილია სისხლით, სისხლის ხილული მინარევით ან სხვა პოტენციურად ინფიცირებული ბიოლოგიური სითხით ან ავადმყოფის სისხლით.

ნაკბენი ჭრილობა, თუ კბენა მიყენებულია ინფიცირებულის მიერ, რომელსაც პირის ღრუში აღენიშნება ხილული სისხლდენა.

სისხლის, სისხლის ხილული მინარევის ან სხვა პოტენციურად ინფიცირებული ბიოლოგიური სითხის მოხვედრა ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუს, ცხვირის, თვალების).

სისხლის, სისხლის ხილული მინარევის ან სხვა პოტენციურად ინფიცირებული ბიოლოგიური სითხის მოხვედრა დაზიანებულ კანზე (მაგალითად, დერმატიტის დროს, კანის გახეხილ უბნებზე და ღია ჭრილობაში).

 

ქმედება პროფესიული კონტაქტის შემთხვევაში

სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდეგ კანის დასვრილი უბნები მაშინვე უნდა ჩამოიბანოს წყლითა და საპნით (მათ შორის დაზიანებული უბნები), ხოლო დასვრილი ლორწოვანი გარსები ჩამოიბანოს სუფთა წყლით.

შეფასდეს აივ ინფიცირების რისკი მომხდარი კონტაქტის შემდეგ (ბიოლოგიური სითხის სახისა და კონტაქტის ინტენსივობის გათვალისწინებით).

აივ-ზე გამოკვლეული უნდა იყოს ის პაციენტი, რომლის ბიოლოგიურ სითხესთანაც კონტაქტი ჰქონდა მედიცინის მუშაკს. ასეთი პირების გამოკვლევა ხდება მხოლოდ ინფორმირებული თანხმობის მიღების შემთხვევაში; გამოკვლევა უნდა მოიცავდეს კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას. აუცილებელია კონფიდენციალობის დაცვა. საჭიროა აივ ანტისხეულებზე სტანდარტული ექსპრეს ტესტის ჩატარება და ტესტირების შედეგების სწრაფად გარკვევა.

აივ ინფიცირებული პაციენტის (ან პაციენტის, რომელსაც აივ ინფექციის არსებობის ალბათობა მაღალი აქვს) ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩატარდეს პკპ.

დაზარალებული მედიცინის მუშაკის აივ-ზე გამოკვლევა და ტესტირება უნდა მოხდეს მხოლოდ ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.

კონსულტანტმა დაზარალებულ მედიცინის მუშაკს უნდა ჩაუტაროს საუბარი სამუშაო ადგილზე რისკის შემცირების შესახებ, ერთად უნდა გააანალიზონ კონტაქტამდე მომხდარის თანმიმდევრობა, საუბარი უნდა მიმდინარეობდეს დელიკატურად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დაზარალებულის განკითხვა.

მომზადდეს პოტენციურად ინფიცირებულ მასალასთან კონტაქტის ანგარიში.

 

პკპ-ს ჩატარების ტექნიკა

აივ-ზე ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

თუ პაციენტმა, რომელიც შესაძლო ინფიცირების წყაროს წარმოადგენს, აივ-ზე ტესტირების შედეგად მიიღო უარყოფითი პასუხი, მაშინ მედიცინის მუშაკი არ საჭიროებს პკპ-ს.

თუ მედიცინის მუშაკის აივ-ზე ტესტირების შედეგი დადებითია, იგი არ საჭიროებს პკპ-ს, ის გაგზავნილი უნდა იყოს სპეციალისტთან შემდგომი კონსულტირებისა და აუცილებელი დახმარების მისაღებად აივ ინფექციასთან დაკავშირებით.

თუ მედიცინის მუშაკს აივ-ზე ტესტირების შედეგი უარყოფითი აქვს, ხოლო პაციენტს, რომელიც შესაძლო ინფიცირების წყაროს წარმოადგენს – დადებითი, ამ შემთხვევაში მედიცინის მუშაკს უტარდება ანტირეტროვირუსული პროფილაქტიკის ოთხკვირიანი კურსი, რომლის მიმდინარეობისას აკვირდებიან შესაძლო გვერდით ეფექტებს. კონტაქტიდან 1, 3 და 6 თვის შემდეგ მას განმეორებით უტარდება ტესტირება. თუ ამ პერიოდში მედიცინის მუშაკს განუვითარდა სეროკონვერსია, მას აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას, მათ შორისაა კონსულტაცია, გაგზავნა აივ ინფექცია/შიდსის სპეციალისტთან და აივ ინფექციის მკურნალობა. თუ კონტაქტიდან ნახევარი წლის განმავლობაში სეროკონვერსია არ მოხდა, მედიცინის მუშაკს აცნობებენ, რომ ჯანმრთელია.

თუ შესაძლო ინფიცირების წყაროს აივ სტატუსის განსაზღვრა შეუძლებელია, მაშინ იგი ითვლება აივ ინფიცირებულად და სრულდება წინა პუნქტში გადმოცემული რეკომენდაციები.

მედიცინის მუშაკი ინფორმირებული უნდა იყოს კონტაქტიდან 6 თვის განმავლობაში პრეზერვატივების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

საჭიროა განისაზღვროს მედიცინის მუშაკის იმუნური სტატუსი B ვირუსულ ჰეპატიტთან დაკავშირებით; თუ იგი არ არის იმუნიზირებული, მაშინ, ჩაუტარდეს B ვირუსული ჰეპატიტის პასიური და აქტიური იმუნოპროფილაქტიკა.

 

პკპ სქესობრივი კონტაქტის შემდეგ

სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, აივ ინფიცირების რისკი პარტნიორისთვის პასიური ანალური კონტაქტის დროს ფასდება როგორც 0,1-3%, ხოლო ვაგინალური კონტაქტისას – 0,1–2% ქალისთვის და 0,03–0,09% მამაკაცისთვის. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ინფიცირების რისკი შესაძლებელია კიდევ უფრო ნაკლები იყოს, განსაკუთრებით, თუ აივ ინფიცირებულ სქესობრივ პარტნიორს დაბალი ვირუსული დატვირთვა აქვს.

ჯერ კიდევ არ არის დაგროვილი საკმარისი მონაცემები შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ანტირეტროვირუსული პროფილაქტიკის ჩატარების სასარგებლოდ. თუმცა, სიტუაციებში, როდესაც ადგილი ჰქონდა შეცდენას ან გაუპატიურებას, რეკომენდებულია ძალადობის მსხვერპლს ჩაუტარდეს პკპ პროფესიული კონტაქტისთვის გათვალისწინებული ზემოთ გადმოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. დიდი მნიშვნელობა აქვს მოძალადის აივ სტატუსის გარკვევას. თუ ეს შეუძლებელია, მოძალადე ითვლება აივ ინფიცირებულად და ძალადობის მსხვერპლს უტარდება არვ პროფილაქტიკა ქვემოთ გადმოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

გაუპატიურების შემთხვევაში ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის მსხვერპლი უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი მხარდაჭერით, მას უნდა ჩაუტარდეს კონსულტაცია, მათ შორის სგგი-ის საკითხებთან, ორსულობასთან და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით.

შემდგომი ტაქტიკა განისაზღვრება მოძალადის აივ-სტატუსის მიხედვით:

თუ მოძალადეს აივ ტესტირებაზე უარყოფითი პასუხი აქვს, ან იმ შემთხვევაში თუ ძალადობის მსხვერპლს - დადებითი, მაშინ არვ პროფილაქტიკას წყვეტენ და აგზავნიან სპეციალისტთან შემდგომი კონსულტაციისა და აივ ინფექციასთან დაკავშირებით სამედიცინო დახმარების მისაღებად.

თუ ძალადობის მსხვერპლს აივ ინფექციაზე ტესტირების შედეგი უარყოფითი აქვს, ხოლო მოძალადეს – დადებითი ან დაუდგენელი, მაშინ, ტარდება არვ პროფილაქტიკის მთლიანი ოთხკვირიანი კურსი.

 

პკპ სხვა სიტუაციებში ინფიცირების მაღალი რისკით

გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია მოხდეს ერთჯერადი კონტაქტი, რომელიც დაკავშირებულია აივ ინფიცირების მაღალ რისკთან. მაგალითად, სისხლით დასვრილი ნემსების შემთხვევით ან განზრახ ჩხვლეტისას, ასეთ შემთხვევებში დაზარალებულებს ურჩევენ პკპ-ს ჩატარებას პროფესიული კონტაქტის დროს მიღებული ტაქტიკის შესაბამისად.

 

პკპ-ს განხორციელება: არვ პროფილაქტიკა

ზოგადი რეკომენდაციები

ანტირეტროვირუსული პრეპარატებით პკპ აუცილებელად უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, უმჯობესია კონტაქტის შემდეგ პირველი 2 საათის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა. ექიმი, რომელიც ნიშნავს პკპ-ს უნდა უზრუნველყოს პაციენტი არვ პრეპარატების კომპლექტით, რომელიც გათვალისწინებულია ქიმიოპროფილაქტიკის მთელი კურსისთვის.

პოსტკონტაქტური არვ პროფილაქტიკისთვის უმჯობესია დაინიშნოს მაღალ-აქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის ერთ-ერთი სქემა. სქემის არჩევისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს, თუ რომელ არვ პრეპარატებს ღებულობდა პაციენტი – ინფექციის წყარო, აგრეთვე არვ პრეპარატების შესაძლო ჯვარედინი რეზისტენტობა. პრეპარატების არჩევა ასევე დამოკიდებულია სამედიცინო დაწე-სებულებაში მათ არსებობაზე. თუ არის ჩვენება პკპ-სთვის, აუცილებელია კონსულტაციის ორგანიზება აივ ინფექციის სპეციალისტთან, რომელსაც აქვს პკპ-ს ჩატარების გამოცდილება.

 

ჩვენება

ა. პროფესიული კონტაქტი აივ ინფიცირებულ მასალასთან.

ბ. სხვა კონტაქტები, დაკავშირებული აივ ინფიცირების რისკთან:

ერთჯერადი კონტაქტი პოტენციურად ინფიცირებულ მასალასთან, რომელიც მოხდა არაუმეტეს 72 საათის წინ.

სქესობრივი კონტაქტი აივ ინფიცირებულ პარტნიორთან ან პარტნიორთან, რომელიც მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს.

 

ტაქტიკა

ა. დაიწყოს არვ პროფილაქტიკა კონტაქტიდან პირველივე საათებში (აუცილებელია პირველ 72 საათში).

ბ. დაინიშნოს 3 პრეპარატის კომბინირებული თერაპიის 4 კვირიანი კურსი:

1. პირველი ორი პრეპარატი: ზიდოვუდინი + ლამივუდინი:

ზიდოვუდინი 300 მგ პერორალურად 2 ჯერ დღეში

ლამივუდინი 150 მგ პერორალურად 2 ჯერ დღეში.

2. მესამე პრეპარატი (არჩეული იქნეს პროტეაზას ინჰიბიტორი):

ნელფინავირი 750 მგ პერორალურად 3ჯერ დღეში, ან

ნელფინავირი 1250 მგ პერორალურად 2ჯერ დღეში, ან

ლიპონავირი/რიტონავირი 400/100 მგ პერორალურად 2 ჯერ დღეში, ან

სექვინავირი/რიტონავირი 1000/100 მგ პერორალურად 2 ჯერ დღეში, ან

3. ალტერნატიული პრეპარატები
ა) ზიდოვუდინის ნაცვლად შეიძლება დაინიშნოს სტავუდინი: 40 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში, თუ სხეულის მასა მეტია ან უდრის 60 კგ, ან 30 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში, თუ სხეულის მასა <60 კგ; ბ) ლამივუდინის მაგივრად შეიძლება დაინიშნოს დიდანოზინი: 400 მგ პერორალურად 1-ჯერ დღეში, თუ სხეულის მასა მეტია ან უდრის 60კგ, ან 250 მგ პერორალურად 1 ჯერ დღეში, თუ სხეულის მასა < 60. გ) ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევა არვ პრეპარატების უკუჩვენებების გამოვლენის მიზნით და საწყისი მაჩვენებლების განსაზღვრა მკურნალობის გვერდითი ეფექტების შესაფასებლად:

ტესტი ორსულობის განსაზღვრისათვის

სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტარული ფორმულის და თრომბოციტების დათვლით

ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლები (ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია და ბილირუბინის რაოდენობა).

 

შენიშვნა

თუ კონტაქტის წყარო იყო აივ ინფიცირებული, პკპ-ს სქემის არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს თუ რომელ არვ პრეპარატებს იღებდა იგი ადრე და რომელს ღებულობს ამჟამად, აგრეთვე მონაცემები მისი ვირუსული დატვირთვის შესახებ, გენოტიპური და ფენოტიპური რეზისტენტობა (თუ შესაძლებელია). აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან აივ ინფექციის დარგში.

შებრუნებითი ტრანსკრიფტაზას არანუკლეოზიდის ინჰიბიტორის კლასის პრეპარატები უნდა დაინიშნოს შემდეგ შემთხვევებში: 1) ნელფინავირის, ლოპინავირის/რიტონავირის და ინდინავირის აუტანლობის შემთხვევებში; 2) თუ კონტაქტის წყარო იყო აივ ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც დადგენილი აქვს რეზისტენტობა სხვა არვ პრეპარატებთან, მაგრამ შენარჩუნებული აქვს მგრძნობელობა შებრუნებითი ტრანსკრიფტაზას არანუკლეოზიდის ინჰიბიტორებთან. ცოტა ხნის წინ გაჩნდა ცნობები ნევირაპინის ჰეპატოტოქსიურობის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ პკპ. ამიტომ რეკომენდებულია ნევირაპინის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა შებრუნებითი ტრანსკრიფტაზის არანუკლეოზიდის ინჰიბიტორის და პროტეაზას ინჰიბიტორის დანიშვნა სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეიძლება. მკაცრად რეკომენდებულია კონსულტაცია სპეციალისტთან აივ ინფექციის დარგში. თუ დაზარალებული გაითვალისწინებს ყველა “დადებით” და “უარყოფით” მხარეებს და გადაწყვეტს მიიღოს ნევირაპინი, აუცილებელია ზედმიწევნით დაკვირვება მის მდგომარეობაზე, რათა დროულად იქნეს გამოვლენილი გვერდითი ეფექტები. კერძოდ, საჭიროა გაირკვეს ღვიძლის ფერმენტების აქტივობა მკურნალობის დაწყების წინ და 2 და 4 კვირის შემდეგ, აგრეთვე გამოხატული ზოგადი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, მათ შორის ცხელება, გამონაყარი, მადის დაკარგვა და ტკივილი მუცლის ღრუში. ეფავირენზი არ უნდა დაენიშნოს რეპროდუქციული ასაკის პირებს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს მომავალში ბავშვის გაჩენა, რადგანაც ცხოველებზე ექსპერიმენტებით დადგინდა ამ პრეპარატის ტერატოგენური ეფექტი. აგრეთვე ადამიანებში აღწერილი იყო ნაყოფის მანკიერი განვითარების ერთეული შემთხვევები. ეფავირენზის გვერდით ეფექტებს ცნს-ზე რომლებიც ხშირად შეინიშნება მკურნალობის დასაწყისში, შეუძლიათ დროებით დააქვეითონ შრომისუნარიანობა.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა