Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   
1 December – World AIDS Day

მნიშვნელოვანი თარიღები

 

მნიშვნელოვანი თარიღები

1 დეკემბერი – შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან, 1 დეკემბერი აღინიშნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. ყოველწლიურად ეს დღე გარკვეულ თემას ეძღვნება, რომელშიც ეპიდემიის რომელიმე ასპექტია ხაზგასმული. 2004 წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის თემაა აივ/შიდსის პრობლემა ქალებსა და გოგონებში, რაც იმით არის გამოწვეული, რომ უკანასკნელ წლებში, მრავალ ქვეყანაში შიდსის ეპიდემიამ მაღალი რისკის ჯგუფებიდან გადაინაცვლა მოსახლეობის ფართო ფენებში და განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა შიდსთან ასოცირებული გენდერული პრობლემები. მითი იმის შესახებ, რომ შიდსი მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის წარმოადგენს რეალურ საფრთხეს, საბოლოოდ განადგურდა.

 

საპირველდეკემბრო კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მივაპყროთ საზოგადოებისა და ყველა ჩვენგანის ყურადღება ამ სერიოზული პრობლემის ირგვლივ, კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ შიდსის რეალური საფრთხე. საქართველოში შიდსის მოსალოდნელ ეპიდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნებისა და სტრატეგიული მხარდაჭერის და მთელი საზოგადოების მობილიზაციის გზით.

 

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
AIDS Candlelight Memorial day

1983 წელს მსოფლიო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა შიდსით დაავადებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღის კამპანიას. ტრადიციულად ეს დღე მაისის მე-3 კვირაში აღინიშნება და დღეისათვის მსოფლიო მოწოდებას 90-ზე მეტი ქვეყანა უერთდება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის მიზანია გლობალური საზოგადოების შექმნა აივ/შიდსის წინააღმდეგ, რომელშიც გაერთიანებული იქნება საზოგადოების ყველა ფენა.

21 მაისს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით ადამიანი შეიკრიბება, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფიცირებულ ადამიანებს და ანთებული სანთლებით პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თითოეულ ჩვენთაგანს გვაძლევს საშუალებას:

მოუწოდოთ ყველას აივ/შიდსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ;

პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილების ხსოვნას;

გამოვხატოთ მხარდაჭერა აივ/შიდსით დაავადებულთა მიმართ;

ხელი შევუწყოთ განათლებასა და საზოგადოების მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ;

წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.

 

ხსოვნის საერთაშორისო დღე ემყარება პრინციპებს:

გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილ 28 მილიონი ადამიანის ხსოვნას;

40 მილიონზე მეტი აივ ინფიცირებულის მხარდაჭერას და ზრუნვას;

იმ ადამიანების დაცვას, რომელთაც შიდსის პრობლემა ჯერ არ შეხებიათ.

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია 40 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო და მხოლოდ 2005 წელს 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შიდსისაგან თავისუფალი თაობების აღზრდა – მსოფლიო საზოგადოების წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანაა, მაშინ როდესაც დაავადება 15 მილიონი ბავშვის ცხოვრებას შეეხო. მხოლოდ 2005 წელს შიდსით 3,1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 15 წლამდე ასაკის 570 000 ბავშვი.

შემთხვევათა რიცხვის მატების მიუხედავად ანტივირუსულმა მკურნალობამ დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ერთ მილიონზე მეტ ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე. ამ მკურნალობის ფართოდ დანერგვით მხოლოდ 2005 წელს 250000-350000 ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

აივ/შიდსის სამყაროში თანაგრძნობით ცხოვრება, აივ/შიდსით დაა-ვადებული პირების მაქსიმალური მხარდაჭერა, ასევე შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნა, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისა და შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა ყველა ჩვენთაგანის პიროვნული და პროფესიული მოვალეობაა.

საქართველო შიდსით დაავადებულთა ხსოვნის მსოფლიო დღეს 1996 წელს შეუერთდა. ქვეყანაში მომუშავე პარტნიორული ორგანიზაციები - სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, გაეროსა და საერთაშორისო სააგენტოები გლობალურ აქციას უერთდებიან თბილისისა და რეგიონების მასშტაბით გამართული პრეს-კონფერენციების, ქუჩის აქციების, სატელევიზიციო/რადიო გადაცემებისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებით.

“შიდსის გლობალური ეპიდემიის სავალალო რეალობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა თანამედროვე ადამიანის მოვალეობაა. თითოეული ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შიდსის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით და ხელმისაწვდომი მოვლითა და მზრუნველობით”.

კოფი ანანი, გაეროს გენერალური მდივანი

 

წითელი ლენტი

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა. წითელი ლენტი გამოხატავს:

Red Ribbon

სოლიდარობას, მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია - ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, მათ ახლობლებსა და მეგობრებს.

პროტესტს, აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ.

იმედს, რომ მედიცინა სძლევს ვირუსს და დაიცავს კაცობრიობას განადგურებისაგან.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა