Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   
Prevention Prevention

პროფილაქტიკა

 

პროფილაქტიკა

შიდსი საყოველთაო პრობლემაა. იგი ყველას ემუქრება განურჩევლად სქესის, ასაკისა თუ ეროვნებისა და მიეკუთვნება იმ დაავადებებს, რომელთა განკურნება თანამედროვე სამედიცინო საშუალებებით შეუძლებელია. ამიტომ აივ ინფექცია/ შიდსით დაავადების თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის სპეციფიური საშუალება ვაქცინაა, მაგრამ სამწუხაროდ, აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინის შექმნა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ამ მიმართულებით მსოფლიოს საკმაოდ დიდი ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალია მიმართული და რამდენიმე ათეული ვაქცინა გადის აპრობაციას.

შესაბამისად, აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი რადიკალური გზა შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა რჩება. ყოფილ საბჭოთა კავშირში შიდსის პროფილაქტიკა ეფუძნებოდა მკაცრ ეპიდზედამხედველობას და იძულებით, გარკვეულწილად დისკრიმინაციული ღონისძიებების გატარებას, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის ასეთი მეთოდი დროებით იძლევა გარკვეულ შედეგს, საბოლოო ჯამში კი მაინც არაეფექტიანია და რაც მთავარია ეთიკური და ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის.

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებზე გადასვლასთან ერთად შეიცვალა შიდსთან ბრძოლის კონცეფციაც. საქართველო შეუერთდა რიგის 1993 წლის აპრილის დეკლარაციას შიდსთან ბრძოლის შესახებ. 1995 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ქვეყანაში აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ყოველგვარი იძულების ღონისძიებების მინიმუმამდე შემცირებას და მთლიანად უზრუნველყოფს აივ ინფიცირებულ პირთა სამართლებრივ და სოციალურ დაცვას.

ამჟამად, შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა დაფუძნებულია ნდობაზე, მოსახლეობასთან ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე და ფართო სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობაზე, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაზე, სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებაზე და უსაფრთხო სისხლის პრინციპების დაცვაზე.

სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკური ღონისძიებები ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

ბიოსამედიცინო (სამედიცინო მანიპულაციების უსაფრთხოება, დონორთა სისხლისა და/ან ორგანოების ტესტირება, სტერილიზაცია დეზინფექციის პრინციპების დაცვა)

აივ ინფექციის პროფილაქტიკა (დეზინფექცია, სტერილიზაცია)

 

ქცევითი სფერო, მას მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის გადაცემასთან დაკავშირებული სარისკო ქცევები. შიდსის ვირუსით დაინფიცირების სარისკო ქცევების მქონე ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან: ნარკომანები, მეძავები, ჰომოსექსუალები, ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები, აგრეთვე ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ აივ ინფექცია/შიდსის მხრივ არაკეთილსაიმდო ქვეყნებში (უკრაინა, რუსეთი და სხვ. ) იძულებით ადგილნაცვალი პირები (ლტოლვილები), ჰემოფილიით ან სხვა დაავადებით სისხლის ხშირი რეციპიენტები. პირები, რომელთაც ჩაიტარეს სამედიცინო მანიპულაცია არასაკმარისად გასტერილებული სამედიცინო იარაღებით. რისკ ჯგუფს მიეკუთვნება გარკვეული პროფესიის სამედიცინო პერსონალი (ქირურგები, გინეკოლოგები, სისხლის ლაბორატორიის თანამშრომლები რომელთაც კონტაქტი აქვთ სისხლთან, ასევე ექთნები, რომლებიც ატარებენ სამედიცინო მანიპულაციებს და სხვ.)

შიდსით ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია აივ ინფიცირებული ორსულის ნაყოფისთვის.

საქართველოში, ისევე, როგორც აღმოსავეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, შიდსის გავრცელების ყველაზე უფრო სერიოზული რისკ ფაქტორი ნარკომანიაა. სამწუხაროდ, ნარკომანთა უმრავლესობა ნარკოტიკებს ინტრავენურად მოიხმარს არასტერილური შპრიცით. ხშირია ერთი შპრიცის ჯგუფური გამოყენების შემთხვევებიც, ე.წ. "მეგობრობის შპრიცი", რაც შიდსის, B და C ჰეპატიტების სწრაფი გავრცელების რეალური ხელშემწყობი ფაქტორია. ასევე,საკმაოდ ხშირად, ადგილი აქვს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიერ "საერთო ჭურჭლის" გამოყენებას, როდესაც ნარკოტიკის მომზადება ხდება ერთ ჭურჭელში და შემდეგ ამ ჭურჭლიდან იღებენ მზა წამალს საერთო შპრიცით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭურჭელში მოთავსებული ნარკოტიკის დაინფიცირება, ასეთი "წამლის" მოხმარების შემთხვევაში დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.

ნარკოტიკების ინექციურ მოხმარებასთან დაკავშირებული ვირუსული დაავადებების მკურნალობის და პროფილაქტიკის მრავალი მეთოდი არსებობს. ნარკომანებს შორის სისხლისმიერი ინფექციების (შიდსი, B და C ჰეპატიტები) პროფილაქტიკისათვის საუკეთესო იქნებოდა ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა, მაგრამ ამ სენისაგან განკურნება ხანგრძლივ მკურნალობას და დიდ ნებისყოფას მოითხოვს, ამიტომ საჭირო ხდება ნარკოტიკების მოხმარების დროს სისხლისმიერი ინფექციების პროფილაქტიკის სტრატეგიის დანერგვა. ნარკომანებში აივ ინფექცია/შიდსით, B და C ჰეპატიტებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნარკოტიკების მომხმარებელმა ყოველთვის გამოიყენოს ერთჯერადი სტერილური შპრიცი. დაუშვებელია "საერთო ჭურჭლის" და სხვის მიერ ნახმარი "მეგობრობის შპრიცის" გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ერთჯერადი სტერილური შპრიცის შოვნა პრობლემას არ წარმოადგენს, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა, გარკვეული მიზეზების გამო მაინც მოიხმარს სხვის შპრიცს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

აბსტინენციის სინდრომი, ე.წ. "ლომკა", როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელს აქვს სურვილი, რაც შეიძლება ჩქარა მიიღოს ნარკოტიკი და მოთმინება აღარ ყოფნის იმისათვის, რომ შეიძინოს ან გახსნას და გაამზადოს "წამალი" სტერილურ შპრიცში.

ენდობა და დარწმუნებულია იმ პირის ჯანმრთელობაში, რომელმაც საკუთარი შპრიცი მიაწოდა. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ადამიანი ვერ ჩაითვლება ჯანმრთელად, თუ ის არ ჩაიტარებს შესაბამის ლაბორატორიულ გამოკვლევას აივ ინფექციაზე და ვირუსულ ჰეპატიტებზე.

ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებლებს ხშირად აქვთ დაუცველი სქესობრივი კავშირები, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს დაინფიცირება, აქედან გამომდინარე მხოლოდ სტერილური ერთჯერადი შპრიცის გამოყენება არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას.

სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირების შანსი საკმაოდ მაღალია და ამ გზით დაინფიცირებული პირების რაოდენობა საქართველოში პირველ ადგილზეა ნარკოტიკების ინტრავენურ მომხმარებელთა შემდეგ. აივ ინფექცია/შიდსი შეიძლება გადაეცეს ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს (ვაგინალური, ანალური, ორალური). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის დროს ქალების ინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების, რადგან საშოს ზედაპირი გაცილებით დიდია და სპერმაში აივ-ის რაოდენობა მეტი ვიდრე ვაგინალურ სეკრეტში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ძალადობრივი სქესობრივი აქტის დროს და/ან როცა ქალს პირველად აქვს სქესობრივი კავშირი. დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით (სგგდ-ი) და აგრეთვე B და იშვიათად C ჰეპატიტებით, ამიტომ მიზანშეწონილია სგგდ-ს არსებობის შემთხვევაში პიროვნებამ გამოკვლევა ჩაიტაროს აივ ინფექცია/შიდსზეც. დაინფიცრების შანსი გაცილებით მაღალია ჰომოსექსუალური კონტაქტების დროს. ეს განპირობებულია ასეთი სახის კონტაქტის დროს ლორწოვანი გარსების ტრავმირების მაღალი ალბათობით. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორი ნაწლავის ლორწოვანის უჯრედები დიდი რაოდენობით შეიცავს CD4 რეცეპტორებს, რომელიც პირდაპირი სამიზნეა აივ-ისათვის.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის შიდსის პროფილაქტიკისათვის აუცილებელია:

ოჯახური სიწმინდის ან ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორის მიმართ ერთგულების დაცვა;

დაუცველი სქესობრივი კონტაქტებისაგან თავის არიდება და შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს პრეზერვატივით სარგებლობა.

აქ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს დაუცველი სქესობრივი კონტაქტების და ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვის აუცილებლობა ისეთ ქვეყნებში, სადაც აღინიშნება აივ ინფექცია/შიდსის მაღალი გავრცელება. საქართველოში არსებული აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების დიდი ნაწილი 75-80% მეზობელი ქვეყნებიდან (უკრაინა, რუსეთი და სხვ.) შემოტანილ ინფექციაზე მოდის. შემოტანილი შეთხვევების საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველ და იძულებით ადგილგადანაცვლებულ პირებზე (ლტოლვილებზე) მოდის.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასათანადოდ გასტერილებული სამედიცინო ან კოსმეტიკური ინსტრუმენტით ჩატარებული მანიპულაციის დროს დაინფიცირების შესაძლებლობას, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალინ მცირეა.

დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ინფექციებზე შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის დროსაც. თუმცა დღეისათვის ყველა დონორის სისხლის გამოკვლევა სავალდებულოა 4 ინფექციაზე : აივ ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები და სიფილისი. დღეისათვის სისხლის გადასხმას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, რადგან აბსოლუტურად უსაფრთხო სისხლი პრაქტიკულად არ არსებობს და სისხლის გადასხმა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში. სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისათვის აუცილებელია ზედმიწევნით დავიცვათ სამედიცინო იარაღების სტერილიზაცია/დეზინფექციის მეთოდები.

სამედიცინო პერსონალი ასევე შეგვიძლია მივაკუთვნოთ აივ ინფექცია/შიდსით ინფიცირების რისკის ჯგუფს. პროფესიული საქმიანობისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამედიცინო პერსონალის კანისა და ლორწოვანი გარსების ექსპოზიციას ინფიცირებული პაციენტის სისხლით და ბიოლოგიური სითხეებით დაბინძურებული იარაღებით. დაბინძურებული იარაღით დაზიანების შემთხვევაში თუ ეჭვი გვაქვს, რომ იარაღი დაბინძურებული იყო აივ ინფიცირებული ადამიანის სისხლით, სასურველია დაუყოვნებლივ, არაუმეტეს 72 საათისა, მივმართოთ შიდსის ცენტრს, სადაც დაზარალებულს ჩაუტარდება სამედიცინო კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში აივ ინფექციის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობა.

აივ ინფექციის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა

 

აივ ინფექციის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია აივ ინფექცია/შიდსის პრევენციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

აივ ინფექციის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია

 

აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის წამყვან ღონისძიებას მიეკუთვნება აქტიური სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება მოსახლეობაში. მისი განათლება ამ დაავადების შესახებ ლექცია-სემინარებისა და საინფორმაციო მასალების დარიგების გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართვას შიდსის პროფილაქტიკის საქმეში, აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანატოლთა და თანასწორთა საგანმანათლებლო პროგრამები, როდესაც შიდსის და სხვა დაავადებების შესახებ ინფორმაციას აწვდის მსგავსი სოციალური მდგომარეობის ადამიანი მეორეს - თანატოლი-თანატოლს, ახალგაზრდა –ახალგაზრდას, ნარკომანი-ნარკომანს, მეძავი-მეძავს და ასე შემდეგ, ,,ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი” არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს შიდსის პროფილაქტიკაში, პროფილაქტიკური და ეპიდემიოლოგიური განყოფილებების თანამშრომლები აწარმოებენ სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობას აივ ინფექცია/შიდსის რისკ ჯგუფებში; აივ ინფიცირებულ პირთა გამოვლენას და დაავადების გავრცელების ეპიდემიოლოგიის შესწავლას. ცენტრის თანამშრომელბი მსურველებს უტარებენ უფასო ნებაყოფლობით კონფიდენციალურ კონსულტირებას და ტესტირებას აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერი მსურველი მიიღებს კვალიფიციურ ინფორმაციას აივ/ინფექცია შიდსის შესახებ. ცენტრში ხდება აივ ინფიცირებულ პირთა უფასო გამოკვლევა და მკურნალობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ნებაყოფლობით კონფიდენციალურ კონსულტირებასა და ტესტირებას.

აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ნებაყოფლობითი კონფიდენციალური კონსულტირება და ტესტირება

 

კაცობრიობის დიდ ნაწილს დღესაც არა აქვს სწორი წარმოდგენა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემას შორიდან უყურებენ და არავინ თვლის, რომ ეს დაავადება მასაც შეიძლება შეეხოს. აივ ინფექცია/შიდსის შესახებ არასაკმარისი ცოდნის გამო ადგილი აქვს დაავადებულთა სტიგმას და დისკრიმინაციას, ინფიცირებულთა უფლებების დარღვევას, სტიგმისა და დისკრიმინაციის არსებობის გამო ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მალავს თავის სტატუსს, ეს კი ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას. იმისათვის რომ აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკა ეფექტურად განხორციელდეს, საჭიროა ყველა გავერთიანდეთ ამ დაავადების წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ გაერთიანებული ძალებით შევძლოთ მისი დამარცხება.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა