Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   
Clinical spectrum Clinical spectrum

კლინიკა

კლინიკა

მართალია, აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე. ესენია:

 

შიდსის სიმპტომები

არამოტივირებული ცხელება;

ძლიერი საერთო სისუსტე;

წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად;

ოფლიანობა;

ლიმფური კვანძების გადიდება;

ფაღარათი;

სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;

თეთრი ფერის ნადები ენაზე;

გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;

ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვა.

ამასთან, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები (მაღალი რისკის ჯგუფი, აივ ინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა), გარდა ამისა, აივ ინფექციაზე გამოკვლეულ უნდა იყვნენ სგგდ ავადმყოფები, B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულნი, ტუბერკულოზით დაავადებულნი.

 

დაავადების კლინიკური მიმდინარეობა

აივ ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობაში (მკურნალობის გარეშე) გამოყოფენ შემდეგ სტადიებს:

ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან ასიმპტომური პერიოდი 2-3 კვირა
მწვავე რეტროვირუსული სინდრომი 2-3 კვირა
კლინიკური გაუმჯობესება და სეროკონვერსია 2-4 კვირა
ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია საშუალოდ 8 წელი
სიმპტომური აივ ინფექცია/შიდსი საშუალოდ 1,3 წელი
სიკვდილი  

 

აივ ინფექციის პირველადი გამოვლინებაა მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს CD4+ ლიმფოციტების რიცხვის მკვეთრი დაქვეითება, პლაზმაში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია (ვირემია). მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით ვლინდება.

ცხელება 96%
მიალგია 54%
ჰეპატოსპლენომეგალია 14%
ადენოპათია 74%
დიარეა 32%
წონაში კლება 13%
ფარინგიტი 70%
თავის ტკივილი 43%
რძიანა 12%
გამონაყარი
(ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყარი სახესა და ტანზე, იშვიათად – ხელისა და ფეხის გულებზე, ზოგი აღნიშნავს წყლულოვან გამონაყარს პირის ღრუში, საყლაპავისა და გენიტალური ორგანოების ლორწოვანზე)
70%
სისუსტე და მოთენთილობა 27%
ნევროლოგიური გამოვლინებები
(ასეპტიური მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, პერიფერიული ნეიროპათია, გიიენ-ბარეს სინდრომი, მხრის ნევრიტი, კოგნიტიური დარღვევები ან ფსიქოზური მდგომარეობა)
12%

 

შემდეგი ფაზა არის კლინიკური გაუმჯობესების ფაზა. კლინიკური გაუმჯობესების ფაზაში აღინიშნება პლაზმაში ვირემიის შემცირება, ციტოტოქსიური T ლიმფოციტებით განპირობებული იმუნური პასუხი.

დაავადების შემდეგი სტადია არის ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია, როდესაც კლინიკური გამოვლინებები არ აღინიშნება და მყარდება განსაზღვრული კავშირი CD4+ ლიმფოციტების რიცხვსა და აივ რნმ–ის კონცენტრაციის შორის. CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითება კავშირშია ვირუსული დატვირთვის მატებასთან, რაც შიდსის განვითარებისა და ავადმყოფის სიკვდილის მიზეზია. 2002 წელს ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგებით CD4+ ლიმფოციტების რიცხვი აივ რნმ-ის კონცენტრაციის ყოველი ლოგ10-ით მატებისას 1 მლ-ში საშუალოდ 4%-ით იკლებს წელიწადში.

აივ რნმ-ის კონცენტრაცია პლაზმაში მკვეთრად იმატებს მწვავე ინფექციის პერიოდში და შემდეგ იკლებს, რაც სეროკონვერსიისა და იმუნური პასუხის შედეგია.

დაავადების გვიანი სტადია ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითებით ნაკლები 200 უჯრედი/მმ3 და ოპორტუნისტული ინფექციების, ზოგიერთი სიმსივნის, განლევის სინდრომის და ნევროლოგიური გართულებების განვითარებით.

არანამკურნალებ პაციენტებში სიცოცხლის ხანგძლივობა მას შემდეგ, რაც CD4+ ლიმფოციტების რიცხვი 200 უჯრედი/მმ3–მდე დაქვეითდება, 3,7 წელია; ხოლო თუ შიდსთან ასოცირებული პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენის მომენტისთვის CD4+ ლიმფოციტების რიცხვი უდრის ან ნაკლებია 60-70 უჯრ/მმ3-ში, მაშინ ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 1,3 წელია.

დაავადების პროგრესირების ტემპი სხვადასხვა პაციენტებში ვარიაბელურია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ერთის მხრივ, მასპინძლის ე.წ. დაცვით ფაქტორებზე და მეორეს მხრივ, ვირუსის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება იგი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფონზე.

 

აივ ინფექციის კლინიკური სპექტრი

შიდსის კლინიკური გამოვლინებანი მეტად მრავალფეროვანია. შიდსით დაავადებულს ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად უვითარდებათ ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასოცირებულია ვირუსებთან.

ოპორტუნისტული ეწოდება ინფექცია, რომლის გამომწვევი (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი თუ სოკო) ჩვეულებრივ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც ბინადრობდეს და არ იწვევდეს პათოლოგიას და მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში გამოიწვიოს დაავადება. შიდსით ავადმყოფებში ოპორტუნუსტული ინფექციები, როგორც წესი, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და ხშირად სიკვდილით მთავრდება.

დაავადების პროგრესირების შესაფასებლად საუკეთესო სუროგატი მარკერებია ვირუსული დატვირთვა (ანუ ვირუსის კონცენტრაცია 1 მლ პლაზმაში) და CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 1 მმ3 სისხლში, რომელთა საშუალებით შეასძლებელია დაავადების სტადიისა და სიმძიმის შეფასება და მოსალოდნელი პროგრესირების პროგნოზირება შიდსის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 1,5-2 წლით ადრე. ვირუსული დატვირთვის მატებას, როგორც წესი, თან სდევს CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვის შემცირება. CD4+ პირდაპირპროპორციულ კავშირშია ოპორტუნისტული დაავადებების განვითარების რისკთან. უფრო მეტიც, CD4+ უჯრედების გარკვეულ მაჩვენებელზე, ამა თუ იმ კონკრეტული ოპორტუნისტული ინფექციის და/ან სიმსივნეების განვითარებაა მოსალოდნელია.

 

CD4+ ლიმფოციტების რიცხვის კორელაცია აივ ინფექციის გართულებებთან

CD4+ ლიმფოციტების რიცხვი ინფექციური გართულებები არაინფექციური გართულებები
>500/მმ3
  • მწვავე რეტროვირუსული სინდრომი
  • ვაგინალური კანდიდოზი
  • პერსისტული გენერალიზებული ლიმფადენოპათია
  • გიიენ-ბარეს სინდრომი
  • მიოპათია
  • ასეპტიური მენინგიტი
200-500/მმ3
  • პნევმოკოკური და სხვა ბაქტერიული პნევმონიები
  • ფილტვის ტუბერკულოზი
  • ჰერპეს ზოსტერი
  • ოროფარინგეული კანდიდოზი
  • კრიპტოსპორიდიოზი, ვითგანკურნებადი
  • კაპოშის სარკომა
  • თმოვანი ლეიკოპლაკია
  • ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზია
  • ცერვიკალური სიმსივნე (ასოცირებულია ადამიანი პაპილომავირუსთან)
  • B უჯრედული სიმსივნე ანემია
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიული პურპურა
  • ჰოჯკინის ლიმფომა
  • ლიმფოციტური ინტერსტიციული
  • პნევმონია
<200/მმ3
  • პნევმოცისტური პნევმონია
  • დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი და კოქციდიომიკოზი
  • მილიარული ან ფილტვგარეშე ტუბერკულოზი
  • პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალიპათია
  • განლევის სინდრომი
  • პერიფერიული ნეიროპათია
  • აივ ასოცირებული დემენცია
  • კიარდიომიოპათია
  • ვაკუოლური მიელოპათია
  • პროგრესირებადი პოლირადიკულოპათია
  • არაჰოჯკინის ლიმფომა
<100/მმ3
  • დისემინირებული მარტივი ჰერპესი
  • ტოქსოპლაზმოზი
  • კრიპტოკოკოზი
  • კრიპტოსპორიდიოზი, ქრონიკული
  • მიკროსპორიდიოზი
  • ეზოფაგური კანდიდოზი
 
<50/მმ3
  • დისემინირებული ციტომეგალოვირუსული ინფექცია
  • ატიპიური მიკობაქტერიის კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექცია
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ლიმფომა (ასოცირებულია ებშტეინ-ბარის ვირუსთან)

 

აივ ინფექციის აღმოჩენიდან დღემდე ამ დაავადების კლასიფიკაციის მრავალი მცდელობა არსებობს. ცხრილში მოცემულია აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 1993 წლის კლასიფიკაცია რომელიც, ერთის მხრივ, ეყრდნობა სისხლში CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტურ რიცხვს და მეორეს მხრივ, კლინიკურ გამოვლინებებს. მაგ., თუ აივ ინფიცირებულს აღენიშნება დაავადების C2 კატეგორია, ნიშნავს,რომ მას აქვს C კლინიკურ კატეგორიაში მითითებული ოპორტუნისტული დაავადება, ხოლო CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 1 მკლ სისხლში 200-სა 500-ს შორისაა.

ქვემოთ მოცემულია მოზარდთა და ზრდასრულთა აივ ინფექციის სტადიების კლინიკური კლასიფიკაცია, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ 2004 წელს. იგი მხოლოდ აივ ინფექცია/შიდსის კლინიკურ გამოვლინებებს ემყარება და არ ითვალისწინებს CD4+ ლიმფოციტების რიცხვს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მოზარდთა და ზრდასრულთა აივ ინფექციის სტადიების კლინიკური კლასიფიკაცია
I. კლინიკური სტადია

ასიმპტომური მიმდინარეობა;

გენერალიზებული ლიმფადენოპათია;

ფუნქციური შესაძლებლობების 1 დონე: ასიმპტომური მიმდინარეობა, ყოველდღიური აქტივობის ნორმალური დონე

II. კლინიკური სტადია

წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე ნაკლების დაკარგვა;

კანისა და ლორწოვანის მსუბუქი დაზიანება (სებორეული დერმატიტი, ქავილით მიმდინარე დერმატოზები, ფრჩხილების სოკოვანი დაზიანებები, მორეციდივე აფტოზური სტომატიტი, ანგულარული ქეილიტი);

სარტყლისებული ლიქენი ბოლო 5 წლის მანძილზე;

ზემო სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციები (მაგ: ბაქტერიული სინუსიტი) ან/და ფუნქციური შესაძლებლობების 2 დონე: კლინიკური გამოვლინებები, ყოველდღიური აქტივობის ნორმალური დონე;

III. კლინიკური სტადია

წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე მეტის დაკარგვა;

უცნობი ეტიოლოგიის დიარეა 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის;

უცნობი ეტიოლოგიის ცხელება (მუდმივი ან მორეციდივე) 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის;

პირის ღრუს კანდიდოზი;

პირის ღრუს თმოვანი ლეიკოპლაკია;

ფილტვის ტუბრკულოზი;

მძიმე ბაქტერიული ინფექციები (მაგ: პნევმონია, ჩირქოვანი მიოზიტი) და/ან ფუნქციური შესაძლებლობების 3 დონე: ბოლო 1 თვის მანძილზე დღის განმავლობაში პაციენტი ატარებდა საწოლში დროის 50%-ზე ნაკლებს;

IV. კლინიკური სტადია

აივ კახექსია (წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე მეტი, ან უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული დიარეა - 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის, ან ქრონიკული სისუსტე შეუღლებული ხანგრძლივ (1 თვეზე მეტი) უცნობი ეტიოლოგიის ცხელებასთან);

პნევმოცისტური პნევმონია;

ცერებრული ტოქსოპლაზმოზი;

კრიპტოსპორიდიოზი დიარეით 1 თვეზე მეტი განგრძლივობის;

ფილტვგარეშე კროპტოკოკოზი;

ციტომეგალოვირუსული ინფექცია ნებისმიერი ორგანოს დაზიანებით, გარდა ღვიძლისა, ელენთისა, და ლიმფური კვანძებისა (მაგ: რეტინიტი);

მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციები შინაგანი ორგანოების დაზიანებით ან კანისა და ლორწოვანის ქრონიკული დაზიანებით (1 თვეზე მეტი);

პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია;

ნებისმიერი დისემინირებული ენდემური მიკოზი;

საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების, ან ფილტვების კანდიდოზი;

ატიპიური მიკობაქტერიით გამოწვეული დისემინირებული ინფექცია;

სალმონელოზური სეპტიცემია (გარდა Salmonella typhi);

ფილტვგარეშე ტუბერკულოზი;

ლიმფომა;

კაპოშის სარკომა;

აივ ენცეფალოპათია (მძიმე კონგიტიური და/ან მოტორული დარღვევები, რომლებიც ზემოქმედებენ ყოველდღიურ აქტივობაზე და პროგრესირებენ კვირეებისა და თვეების მანძილზე, თუ არ არსებობს სხვა თვალსაჩინო მიზეზები აივ ინფექციის გარდა) და/ან ფუნქციური შესაძლებლობების 4 დონე: ბოლო 1 თვის მანძილზე პაციენტმა გაატარა ლოგინში დღის 50%-ზე მეტი.

კლინიკურ პრაქტიკაში მიღებულია, აგრეთვე, აივ დაავადების დაყოფა ექვს ძირითად კატეგორიად, რაც დაფუძნებულია როგორც კლინიკურ გამოვლინებაზე, ასევე CD4+ ლიმფოციტების რაოდენობაზე:

საწყისი ინფექცია ანუ მწვავე სეროკონვერსიული სინდრომი;

ადრეული აივ დაავადება - CD4 რიცხვი აღემატება 500 უჯრედს მმ3-ში;

შუალედური აივ დაავადება - CD4 რიცხვი 200-500/მმ3 ფარგლებშია;

გვიანი აივ დაავდება - CD4 რიცხვი 50-200/მმ3 ფარგლებშია;

შორსწასული აივ დაავადება - CD4 რიცხვი 50/მმ3-ზე ნაკლებია;

ტერმინალური აივ დაავადება.

შიდსი ერთი კონკრეტული ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, მაგრამ ამავე დროს იგი წარმოადგენს ამ ვირუსით გამოწვეული იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებულ დაავადებათა სპექტრს. ამის გამო შიდსის კლინიკური გამოვლინებანი იმდენად მრალავფეროვანი შეიძლება იყოს, რომ შიდსის დიაგნოზის დადგენა მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია და გადამწყვეტი მისი დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული გამოკვლევაა. შესაბამისად, შიდსზე საეჭვო შემთხვევაში დიფერენციული დიაგნოზი გატარებულ უნდა იქნას ყველა იმ დაავადებასთან, რომელიც შიდსის დროს შეიძლება შეგვხვდეს.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა