თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
Clinical spectrum Clinical spectrum

კლინიკა

მართალია, აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე.

შიდსის სიმპტომები

არამოტივირებული ცხელება
ძლიერი საერთო სისუსტე
წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად
ოფლიანობა
ლიმფური კვანძების გადიდება
ფაღარათი
სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვანზე
თეთრი ფერის ნადები ენაზე
გახანგრძლივებული ფილტვების ანთება
ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება

ამასთან, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები (მაღალი რისკის ჯგუფი, აივ ინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა), გარდა ამისა, აივ ინფექციაზე გამოკვლეულ უნდა იყვნენ სგგდ ავადმყოფები, B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულნი, ტუბერკულოზით დაავადებულნი.

დაავადების კლინიკური მიმდინარეობა

აივ ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობაში (მკურნალობის გარეშე) გამოყოფენ შემდეგ სტადიებს:

სტადია / პერიოდი ხანგრძლივობა
ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან ასიმპტომური პერიოდი 2-3 კვირა
მწვავე რეტროვირუსული სინდრომი 2-3 კვირა
კლინიკური გაუმჯობესება და სეროკონვერსია 2-4 კვირა
ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია საშუალოდ 8 წელი
სიმპტომური აივ ინფექცია/შიდსი საშუალოდ 1,3 წელი
სიკვდილი —

აივ ინფექციის პირველადი გამოვლინებაა მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს CD4+ ლიმფოციტების რიცხვის მკვეთრი დაქვეითება, პლაზმაში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია (ვირემია). მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით ვლინდება:

სიმპტომი სიხშირე (%)
ცხელება96%
ადენოპათია74%
ფარინგიტი70%
გამონაყარი (ერითემატოზული მაკულოპაპულური გამონაყარი სახესა და ტანზე, იშვიათად – ხელისა და ფეხის გულებზე) 70%
მიალგია54%
თავის ტკივილი43%
დიარეა32%
სისუსტე და მოთენთილობა27%
ჰეპატოსპლენომეგალია14%
წონაში კლება13%
ნევროლოგიური გამოვლინებები (ასეპტიური მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, პერიფერიული ნეიროპათია, გიიენ-ბარეს სინდრომი) 12%
რძიანა12%

შემდეგი ფაზა არის კლინიკური გაუმჯობესების ფაზა, რომლის დროსაც აღინიშნება პლაზმაში ვირემიის შემცირება, ციტოტოქსიური T ლიმფოციტებით განპირობებული იმუნური პასუხი. დაავადების შემდეგი სტადია არის ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია, როდესაც კლინიკური გამოვლინებები არ აღინიშნება და მყარდება განსაზღვრული კავშირი CD4+ ლიმფოციტების რიცხვსა და აივ რნმ–ის კონცენტრაციის შორის. CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითება კავშირშია ვირუსული დატვირთვის მატებასთან, რაც შიდსის განვითარებისა და ავადმყოფის სიკვდილის მიზეზია.

დაავადების გვიანი სტადია ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითებით ნაკლები 200 უჯრედი/მმ³ და ოპორტუნისტული ინფექციების, ზოგიერთი სიმსივნის, განლევის სინდრომის და ნევროლოგიური გართულებების განვითარებით. არანამკურნალებ პაციენტებში სიცოცხლის ხანგძლივობა მას შემდეგ, რაც CD4+ ლიმფოციტების რიცხვი 200 უჯრედი/მმ³–მდე დაქვეითდება, 3.7 წელია; ხოლო თუ შიდსთან ასოცირებული პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენის მომენტისთვის CD4+ ლიმფოციტების რიცხვი უდრის ან ნაკლებია 60-70 უჯრ/მმ³-ში, მაშინ ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 1.3 წელია.

აივ ინფექციის კლინიკური სპექტრი და ოპორტუნისტული ინფექციები

შიდსის კლინიკური გამოვლინებანი მეტად მრავალფეროვანია. შიდსით დაავადებულს ღრма იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე. ოპორტუნისტული ეწოდება ინფექციას, რომლის გამომწვევი ჩვეულებრივ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც ბინადრობდეს და არ იწვევდეს პათოლოგიას, მაგრამ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში იწვევს მძიმე დაავადებას, რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას.

CD4+ ლიმფოციტების რიცხვის კორელაცია აივ ინფექციის გართულებებთან

CD4+ ლიმფოციტების რიცხვი ინფექციური გართულებები არაინფექციური გართულებები
>500 / მმ³
  • მწვავე რეტროვირუსული სინდრომი
  • ვაგინალური კანდიდოზი
  • პერსისტული გენერალიზებული ლიმფადენოპათია
  • გიიენ-ბარეს სინდრომი
  • მიოპათია
  • ასეპტიური მენინგიტი
200 - 500 / მმ³
  • პნევმოკოკური და ბაქტერიული პნევმონიები
  • ფილტვის ტუბერკულოზი
  • ჰერპეს ზოსტერი
  • ოროფარინგეული კანდიდოზი
  • კრიპტოსპორიდიოზი, თვითგანკურნებადი
  • კაპოშის სარკომა
  • თმოვანი ლეიკოპლაკია
  • ცერვიკალური ინტრაეპითელური ნეოპლაზია / სიმსივნე
  • B უჯრედული სიმსივნე, ანემია
  • იდიოპათიური თრომბოციტოპენიული პურპურა
  • ჰოჯკინის ლიმფომა
  • ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია
<200 / მმ³
  • პნევმოცისტური პნევმონია
  • დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი და კოქციდიომიკოზი
  • მილიარული ან ფილტვგარეშე ტუბერკულოზი
  • პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალიპათია
  • განლევის სინდრომი
  • პერიფერიული ნეიროპათია
  • აივ ასოცირებული დემენცია
  • კარდიომიოპათია, ვაკუოლური მიელოპათია
  • პროგრესირებადი პოლირადიკულოპათია
  • არაჰოჯკინის ლიმფომა
<100 / მმ³
  • დისემინირებული მარტივი ჰერპესი
  • ტოქსოპლაზმოზი, კრიპტოკოკოზი
  • კრიპტოსპორიდიოზი, ქრონიკული
  • მიკროსპორიდიოზი
  • ეზოფაგური კანდიდოზი
—
<50 / მმ³
  • დისემინირებული ციტომეგალოვირუსული ინფექცია
  • ატიპიური მიკობაქტერიის კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექცია
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ლიმფომა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მოზარდთა და ზრდასრულთა აივ ინფექციის სტადიების კლინიკური კლასიფიკაცია

I. კლინიკური სტადია
  • ასიმპტომური მიმდინარეობა;
  • გენერალიზებული ლიმფადენოპათია;
  • ფუნქციური დონე 1: ასიმპტომური მიმდინარეობა, ყოველდღიური აქტივობის ნორმალური დონე.
II. კლინიკური სტადია
  • წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე ნაკლების დაკარგვა;
  • კანისა და ლორწოვანის მსუბუქი დაზიანება (სებორეული დერმატიტი, ქავილი, სოკო);
  • სარტყლისებული ლიქენი ბოლო 5 წლის მანძილზე;
  • ფუნქციური დონე 2: კლინიკური გამოვლინებები, ყოველდღიური აქტივობის ნორმალური დონე.
III. კლინიკური სტადია
  • წონაში კლება: საწყისი წონის 10%-ზე მეტის დაკარგვა;
  • უცნობი ეტიოლოგიის დიარეა ან ცხელება 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის;
  • პირის ღრუს კანდიდოზი / თმოვანი ლეიკოპლაკია, ფილტვის ტუბრკულოზი;
  • ფუნქციური დონე 3: ბოლო 1 თვის მანძილზე პაციენტი ატარებდა საწოლში დროის 50%-ზე ნაკლებს.
IV. კლინიკური სტადია
  • აივ კახექსია (განლევა) და პნევმოცისტური პნევმონია;
  • ცერებრული ტოქსოპლაზმოზი, ფილტვგარეშე კრიპტოკოკოზი / ტუბერკულოზი;
  • ციტომეგალოვირუსული ინფექция, კაპოშის სარკომა, აივ ენცეფალოპათია;
  • ფუნქციური დონე 4: ბოლო 1 თვის მანძილზე პაციენტმა გაატარა ლოგინში დღის 50%-ზე მეტი.

აივ დაავადების დაყოფა ექვს ძირითად კატეგორიად კლინიკურ პრაქტიკაში:

საწყისი ინფექცია (მწვავე სეროკონვერსია)
გვიანი აივ დაავდება (CD4 50-200/მმ³)
ადრეული აივ დაავადება (CD4 >500/მმ³)
შორსწასული აივ დაავადება (CD4 <50/მმ³)
შუალედური აივ დაავადება (CD4 200-500/მმ³)
ტერმინალური აივ დაავადება

შიდსი ერთი კონკრეტული ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, მაგრამ ამავე დროს იგი წარმოადგენს ამ ვირუსით გამოწვეული იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებულ დაავადებათა სპექტრს. ამის გამო შიდსის კლინიკური გამოვლინებანი იმდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, რომ შიდსის დიაგნოზის დადგენა მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია და გადამწყვეტი მისი დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული გამოკვლევაა. შესაბამისად, შიდსზე საეჭვო შემთხვევაში დიფერენციული დიაგნოზი გატარებულ უნდა იქნას ყველა იმ დაავადებასთან, რომელიც შიდსის დროს შეიძლება შეგვხვდეს.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა